Belive

ეროვნული ლიგის სეზონის მთავარ მატჩს თურქი მსაჯები მოემსახურებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ მთავარ თამაშს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, ბათუმისა და თბილისის "დინამოების" დაპირისიპირებას თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავარი არბიტრი, ჰიუსეინ გოჩეკი გაუძღვება, რომელსაც ჯანდას ელბილი და მეჰმეტ ემინ თუღრალი დაეხმარებიან, მეოთხე სათადარიგო მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. ეს მიმდინარე სეზონში მეორე ისეთი შემთხვევაა, როცა საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებზე თურქი მსაჯები იმუშავებენ, აქამდე, ასეთი რამ მეცხრე ტურის ორ შეხვედრაზე "ლოკომოტივი" - "დინამო თბილისი" (1:3) და გორის "დილა" - "დინამო ბათუმი" (2:1) მოხდა. ჰიუსეინ გოჩეკი 44 წლის არბიტრია და 2008 წლიდან ფიფას კატეგორიის რეფერი გახლავთ. მას კარიერის განმავლობაში ევროპის ლიგის ფინალურ ეტაპზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებზე, ასევე ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების შეხვედრებზე უმუშავია. საინტერესოა ისიც, რომ ჰიუსეინ გოჩეკს საქართველოსთან შეხება აქამდე ორჯერ ჰქონია. იგი 2018 წლის 23 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და ბულგარული "ლუდოგორეცის" დაპირისპირებას (0:1) მოემსახურა და ორი ქართველი ფეხბურთელი, გრიგოლ დოლიძე და მათე ცინცაძე გააფრთხილა, ხოლო მეტოქის გუნდში ყვითელი ბარათი სამ ფეხბურთელს უჩვენა. გარდა ამისა, თურქი არბიტრი 2019 წლის 5 სექტემბერს, სტამბულში, "ბასაქშეჰირის ფათიჰ თერიმის" სახელობის არენაზე საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების მატჩს ხელმძღვანელობდა, რომელიც ფრედ დასრულდა (2:2), ქართული გუნდის მხრიდან კი გოლების გატანა ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ მოახერხეს. ჩვენი გუნდის მხრიდან მთავარმა მსაჯმა, "ჯვაროსნების" კაპიტანი, ჯაბა კანკავა გააფრთხილა. "დინამო ბათუმისა" და "დინამო თბილისის" შეხვედრა 20 ოქტომბერს, ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და 18:30 საათზე დაიწყება. ამ მომენტისთვის აჭარულ კლუბს 63 ქულა აქვს, ხოლო დედაქალაქურს კი - 56. ამ დაპირისპირებაში სულ მცირე არ წაგების და 7-ქულიანი ჰანდიკაპის შენარჩუნების შემთხვევაში, ბათუმელები ისტორიაში პირველი ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

სხვა სტატიები