ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა "სამტრედიასა" და "საბურთალოს" მატჩით გაიხსნა - იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით - 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს.
ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, რომელშიც "დინამომ" "ლოკომოტივს" - 3:1 სძლია. ზორანმარუშიჩის დუბლს და თორნიკე ახვლედიანის გოლს გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში მესამე შეგდებული ბურთით გურამ კაშიამ უპასუხა.
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ორი გუნდი შეხვდა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე შედგა და მასში "დილამ" ბათუმის "დინამოსთან" -2:1 იმარჯვა. მასპინძელთაგან გოლები პაატა ღუდუშაურმა და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი 1 ბურთი ვლადიმერ მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაქვითა.
3-3 ქულა მოიპოვეს ქობულეთის "შუქურამ" და წყალტუბოს "სამგურალმაც". აჭარლებმა მიხეილ სარდალიშვილის და ჯეფერსონჯერალდოს გოლებით "თელავს" - 2:0 მოუგეს, ხოლო იმერლებმა დერბიში სერგო კუხიანიძის და დავით კირკიტაძის გოლებით "ტორპედოს" - 2:1 აჯობეს. ქუთაისელთაგან გოლი ოლეგ მამასახლისმა გაიტანა.
პირველი წრის დასრულების შემდეგ, "დინამო თბილისმა", რომელმაც ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო, ბათუმელ მოსახელე კლუბს 4 ქულით გაასწრო, 22 ქულა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. სამეულს გორის "დილა" 17 ქულით ასრულებს, ხოლო მეოთხე პოზიციას "საბურთალო" და "ლოკომოტივი" - 14-14 ქულით ინაწილებენ.
რაც შეეხება გასავარდნ ზონას, პირველი წრე 4 ქულით ბოლო ადგილზე "სამტრედიამ" დაასრულა. ამდენივე ქულა აქვს ერთი საფეხურით მაღლა მყოფ "ტორპედოს", ქვედა სამეულს კი 6-ქულიანი "თელავი" ასრულებს.