Belive

ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები

2 წლის წინ ფეხბურთი
15 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ.
ზოგადად სეზონის, თუმცა განსაკუთრებით მესამე წრის უდავოდ საუკეთესო გუნდი "დინამო ბათუმია". ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა იმის ფონზე, რომ მესამე წრე ევროტურნირებზე გამოსვლის, თასის შეხვედრებისა და თითქმის ორთვიანი იძულებითი თუ რეგულარული პაუზის პარალელურად წარმართა, ყველა ამოცანას თავი დამაჯერებლად გაართვა, დაუმარცხებელი გამოდგა და 9 მატჩიდან 5 მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა (19 ქულა). გია გეგუჩაძის გუნდს, რომელმაც ზაფხულში ჯოვინო ფლამრიონიც დაიბრუნა, უკვე 60 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "დინამო თბილისს" 7 ქულით უსწრებს. აქ კალათბურთის დაუწერელი კანონის გამოყენებაც შეგვიძლია, ვინც იგებს მესამე მეოთხედს, ის იგებს დუელს.
No description available.

ბოლო ორი სეზონის ჩემპიონს საქმეები არც ისე კარგად მისდის, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ევროსარბიელზე განცდილი მორიგი მძიმე მარცხების შემდეგ. მესამე წრეში გუნდმა რამდენიმე დაუგეგმავი ქულა დაკარგა, რითაც მთავარ კონკურენტს 7-ქულიანი ჰანდიკაპის შექმნის შესაძლებლობა მისცა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მესამე წრეში 9-დან 4 მატჩი მოიგო, 3-ში დამარცხდა და 2 ფრედ დაასრულა (14 ქულა). კახა ცხადაძის გუნდმა ბოლო მატჩებში სათამაშო ფორმა გამოასწორა და საჩემპიონო რბოლას წესით და რიგით, წინა სეზონების მსგავსად ბოლო ტურებამდე უნდა ველოდოთ.
No description available.

სამეულისთვის მებრძოლი სამი გამოკვეთილი ფავორიტიდან ყველაზე სტაბილური ჯერჯერობით "საბურთალოა". მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით "ლოკომოტივისა" და გორის "დილასგან" ქვეყნის 2018 წლის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში მწვრთნელი შეიცვალა, გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შეძლო და მათივე ფილოსოფიის მსგავსად, ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურების ხარჯზე, საკმაოდ ბევრ, მნიშვნელოვან ქულასაც მოუყარა თავი. საერთო ჯამში, ხვიჩა შუბითიძის გუნდმა 4 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ორში დამარცხდა (15 ქულა).
No description available.

გორელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და პირველი წრე განსაკუთრებით კარგადაც ჩაატარეს. უდავოდ გამორჩეულია ანდრეი დემჩენკოს სამწვრთნელო ფილოსოფია, რომლის სათამაშო სტილიც შემტევ ფეხბურთზეა კონცენტრირებული, თუმცა უკრაინელ სპეციალისტს მესამე პერიოდში სრული რესურსის გამოყენების საშუალება ვერ მიეცა. საკვანძო ფეხბურთელების ტრავმებიდან გამომდინარე, გორელებმა რამდენიმე გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგეს, მაგრამ სამეულისთვის ბრძოლაში მაინც აქტიურად რჩებიან და "საბურთალოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. საერთო ჯამში დაგროვებული 44 ქულიდან გორის "დილამ" მესამე წრეში 18 მოიპოვა: 5 გამარჯვება, 3 ფრე, 1 წაგება.
No description available.

თუ გუნდების შემადგენლობას თვალს გადავავლებთ, "რკინიგზელებს" ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და გამართული კოლექტივი ჰყავთ. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მოედნის თითქმის ყველა რგოლში, ერთ გამოცდილ მოთამაშეს ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა შემცვლელი ჰყავს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ლოკომოტივს" ეროვნული ჩემპიონატის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული მწვრთნელი თავკაცობს. ამ რესურსით, გუნდს საჩემპიონო რბოლაში ჩართვა არ უნდა უჭირდეს, მაშინ რა არის მთავარი პრობლემა? ხშირი ტრავმები, რომელიც არასტაბილურობას იწვევს. გამოსარჩევია ნიკა სადოხაძე - სანდრო გურეშიძის ცენტრალური დაცვის დუეტი, რომელიც ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა მათ მთელი სეზონის განმავლობაში ერთად თამაშის შესაძლებლობა რეგულარულად არ მისცემიათ. მეტწილად, სწორედ ამ ფაქტის ბრალია ის, რომ თბილისელებს ამ სეზონში ბოლოადგილოსანი "სამტრედიას" შემდეგ ყველაზე მეტი - 47 გოლი აქვთ გაშვებული. მთლიანობაში, მესამე წრეში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 3 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა, რაც სულ მოპოვებული 44 ქულიდან 11-ს უდრის.
No description available.

წყალტუბოს "სამგურალი" ის გუნდია, რომელიც ნეიტრალური ქომაგის სიმპატიას იმსახურებს. იმერული კლუბი როვნულ ლიგას 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მათ დამაჯერებელ გამოსვლაზე მხოლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ "დინამო თბილისმა" მათ სეზონში ოთხი მცდელობიდან ვერცერთხელ მოუგო. სოსო ფრუიძის გუნდი პრაგმატული და ჭკვიანური ფეხბურთით, რაც გამოცდილ სპეციალისტს სჩვევია ხოლმე, აღიარებულ ლიდერებს მნიშვნელოვან ქულებს ართმევს, აუტსაიდერებთან კი ფეხი იშვიათად უცდება. საბოლოო ჯამში, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ წყალტუბოელები ცხრილის შუაში იმყოფებიან და ევროსარბიელისთვის ბრძოლის შანსი ჯერაც არ დაუკარგავთ, თუმცა 36 ქულის მქონე "სამგურალს" ორ თბილისურ და გორულ კლუბთან ჭიდილი ცხრილის ზედა ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო უნდა გაუჭირდეს. მესამე წრეში "სამგურალმა" 11 ქულა აიღო - 2 მოგება, 5 ფრე და 2 მარცხი.
No description available.

"თელავისთვის" მიმდინარე სეზონი წინასთან შედარებით, გაცილებით რთულია. თუ კახელები 2020 წელს "სამგურალის" ამჟამინდელი მდგომარეობის მსგავს სიტუაციაში იყვნენ, ახლა მათი მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. საწყის ორ წრეში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მესამე მეოთხედი გუნდისთვის ამ სეზონში საუკეთესო გამოდგა, სადაც 7-მატჩიაბნი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა. გიორგი მიქაძის გუნდმა მესამე წრეში, ისტორიაში პირველად დაამარცხა "დინამო თბილისი", რაც ყველაფერზე მეტყველებს და ასევე, "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" სძლია. სულ არსებული 29 ქულიდან თითქმის ნახევარი, 48.28% გუნდმა მესამე წრეში მოიპოვა - 14 ქულა, რაც 4 მოგებისა და 2 ფრის მეშვეობით მოიპოვა, სამ მატჩში კი დამარცხდა.
No description available.

გასავარდნი ზონის სამეულიდან მესამე წრე ყველაზე კარგად ქუთაისის "ტორპედომ" ჩაატარა, რომელმაც სულ არსებული 26 ქულიდან მესამე პერიოდში 8 მოიპოვა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა გუნდმა უშუალო კონკურენტებთან თავი დამაჯერებლად წარმოაჩინა და წრის სტარტზე ქულა თვით ჩემპიონობის მაძიებელ "დინამო ბათუმს" დააკარგვინა. ქუთაისელებმა ბოლო პერიოდში საგრძნობი შევსება მიიღეს, რაზეც სულ მცირე, საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის დამატება მეტყველებს, იქვეა, კლუბის ნამდვილი ლეგენდა როინ კვასხვაძე, რომელიც "დინამო თბილისიდან" დაბრუნდა და ამ უკანასკნელიდან იჯარით წამოყვანილი ახალგაზრდა თავდამსხმელი, თორნიკე ახვლედიანი. ამრიგად, გადამწყვეტ მეოთხედში გუნდს ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის გაცილებით მეტი პერსპექტივა ექნება. "ტორპედო" მესამე წრეში: 2 მოგება, 2 ფრე, 5 მარცხი.
No description available.

სეზონის პირველი ნახევარი ქობულეთის "შუქურამ" შედარებით უკეთ დაიწყო, რაზეც თუნდაც საქართველოს თასიდან "დინამო თბილისის" გამოთიშვაც მეტყველებს. თუმცა, ზაფხულში გუნდში არაერთი ცვლილება განხორციელდა და ამჟამად მათ პლეი-აუტის ზონაში ყოფნა უწევთ. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა მესამე წრის ბოლოსკენ მოუმატა, თუმცა იქამდე არაერთი ქულა დაკარგა და მხოლოდ ერთხელ, ბოლოადგილოსან "სამტრედიას" მოუგო, რასაც 3 ფრეც ემატება და საერთო ჯამში ეს გუნდს 25 ქულის ქონის საშუალებას და უკანასკნელი საფეხურიდან შორის ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. აჭარლებმა მესამე წრეში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვეს და დასკვნით ფაზაში მიზნის მისაღწევად მეტი აქტიურობა მართებთ.
No description available.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს გიორგი არაბიძე დაემატა და ზაფხულში იმერლებმა თურქეთში შეკრებაც კი გაიარეს, ბოლო პოზიციას თავს ჯერჯერობით ვერ აღწევენ. ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშის საკმაო გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს, ნელ-ნელა ძველი ფორმის დაბრუნება დაიწყო და "სამტრედიას", რომელიც მესამე წრეში მხოლოდ ორ გამარჯვებას, საერთო ჯამში კი 16 ქულას სჯერდება და შუქურასთან 11-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, ყველაზე მეტად სწორედ მისი უნდა ეიმედებოდეს. მეორე წრეში იმერლებმა მხოლოდ ორი მატჩი მოიგეს და 6 ქულა მოიპოვეს.
No description available.

სატურნირო ცხრილი მხოლოდ მესამე წრის შედეგებით

სატურნირო მდგომარეობა მესამე წრის შემდეგ

მესამე წრის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. ასევე, ჩვენი ვერსიით სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებზეც ვისაუბრებთ. სიმბოლური გუნდი მეკარე: ოთო გოშაძე (“საბურთალო”). მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე “დინამო ბათუმი”), საბა ხვადაგიანი (“დინამო თბილისი”), ლევან კაკუბავა (“საბურთალო”). ნახევარმცველები: ჯაბა ჯირაური (“დინამო ბათუმი”), უსმანე კამარა (“დილა”), პაპუნა ფონიავა (“სამგურალი”), აკაკი შულაია (“საბურთალო”). თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (“დინამო ბათუმი”), ზორან მარუშიჩი, (“დინამო თბილისი”). მწვრთნელი: გია გეგუჩაძე ("დინამო ბათუმი"). განლაგება: 4-4-2.

ფეხბურთელების ინდივიდუალური სტატისტიკა მესამე წრის შემდეგ

ნომინაციები

საუკეთესო მეკარე: ოთო გოშაძე - "საბურთალო" 23 წლის გოლკიპერს მშვენიერი სეზონი აქვს და "დინამო ბათუმის" მეკარის, ლაზარე კუპატაძის მსგავსად, კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. გოშაძე კარგ ფორმაშია, რაც ბოლო მატჩებშიც მშვენივრად დაამტკიცა და გარდა იმისა, რომ მის გუნდს არაერთ შეხვედრაში ქულის ან ქულების მოპოვებაში პირადად, დიდი წვლილით დაეხმარა, "სამტრედიასთან" მატჩში საგოლე პასიც კი გააკეთა. ის ფაქტი, რომ "საბურთალო" სამეულისთვის ბრძოლაში კონკურენტებზე მეტად დაწინაურებულია, მეტწილად სწორედ დაცვისა და მეკარის დამსახურებაა. გოშაძემ და მთლიანად "საბურთალომ" მესამე წრეში ყველაზე ცოტა - 8 გოლი გაუშვა.
No description available.

საუკეთესო მცველი: ლევან კაკუბავა - "საბურთალო" როგორც უკვე გითხარით, "საბურთალოს" წარმატებაში უკანა ხაზს განსაკუთრებული როლი შეაქვს. თავისი გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ლიდერულ, საკაპიტნე უნარ-ჩვევებსაც მშვენივრად წარმოაჩენს და მისი მოედანზე ყოფნის დროს, "საბურთალო" მენტალურად გაცილებით მძლავრად გამოიყურება. 30 წლის ფეხბურთელი თავისი გუნდის დაცვის ხაზის ლიდერად და შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და მესამე წრეში მისი გარჯა, განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო.
No description available.

საუკეთესო ნახევარმცველი: ჯაბა ჯიღაური - "დინამო ბათუმი" მარტივი არ არის ულიდერო ისეთ გუნდს, რომელსაც შემადგენლობის თითქმის ყველა პოზიციაზე გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს, თანაც როცა შენ არც მეკარე ხარ, არც ცენტრალური ფორვარდი, რომ შენი გაკეთებული საქმე განსაკუთრებულად ფასდებოდეს, თუმცა ჯიღაური ამას მშვენივრად აკეთებს და გუნდს ცხრილის ლიდერობაში ეხმარება. მისი გოლებით, "დინამო ბათუმმა" არაერთი გამარჯვება თუ მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მიჯრით ოთხ შეხვედრაში ჯამში 5 გოლი გაიტანა, მთლიანად სეზონში კი უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ორ საუკეთესო ბომბარდირის, ზორან მარუჩიჩს და თანაგუნდელ გიორგი ფანცულაიას ჩამორჩება, მის აქტივში ასევე 5 საგოლე გადაცემაა.
No description available.

საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ფეხბურთელი: ზორან მარუშიჩი - "დინამო თბილისი": მიმდინარე სეზონის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი ზორან მარუშიჩია. იგი როგორც ბომბარდირთა დავაში, ისე ასისტენტების რბოლაში ლიდერობს. სერბმა თავდამსხმელმა 13 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 20 გოლში ამ სეზონში ჯერჯერობით არცერთ სხვა მოთამაშეს მონაწილეობა არ მიუღია. მარუშიჩი პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც ვაღიარეთ, თუმცა იგი სტაბილურ დონეს ინარჩუნებს და მესამე წრეშიც შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს: 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. იგი თავისი გუნდის მთავარ ნათელ წერტილად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
No description available.

საუკეთესო ახალგაზრდა: ირაკლი აზაროვი - "დინამო ბათუმი" ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამორჩეულ ფორმაში სწორედ მესამე წრეში შევიდა. ჯერ იყო ყოფილ კლუბთან, "დინამო თბილისთან" სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ულამაზესი გოლის გატანა და გუნდისთვის 3 ქულის მოპოვებაში დახმარება, შემდეგ ბრწყინვალე თამაში ევროსარბიელზე და ბელარუსში, "ბატესთან" შემობრუნებულ შეხვედრაში გოლითა და მშვენიერი თამაშით შეტანილი წვლილი, რასაც ეროვნულ ლიგაში სტაბილური გამოსვლა და სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნაკრებში გაკეთებული საგოლე გადაცემაც ემატება. 19 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატსაც დატოვებს, იქამდე კი ეროვნულ ლიგაში გატანილი 2 გოლისა და 4 საგოლე გადაცემის ავტორი მიმდინარე ჩემპიონატის უდავო აღმოჩენად რჩება.
No description available.

საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე - "დინამო ბათუმი" ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი კარიერაში მეორედ, ჩემპიონის ტიტულის აღმართვასთან ახლოსაა. მისმა გუნდმა მესამე წრე შესანიშნავად ჩაატარა: 9 მატჩი, 5 მოგება, 4 ფრე და 19 ქულა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა უდანაკარგო სვლა, ჩემპიონატის ლიდერობა და უახლოეს მდევართან სხვაობის ზრდა იმის ფონზე მოახერხა, რომ გუნდს ევროსარბიელზე რთულ მეტოქეებთან ჭიდილი უწევდა და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე ღირსეულად მივიდა.
No description available.

სხვა სტატიები