Belive

დირკ კუიტი: "ვფიქრობ, დიდებული იქნება, თუ ჯერარდი ლივერპულს ჩაიბარებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"წითლების" ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელიც ახლა "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელია, ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა იურგენ კლოპის შემცვლელად "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ლეგენდარული კაპიტნის "ლივერპულში" დაბრუნებას მთავარი მწვრთნელის პოსტზე არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორისაა მისი ყოფილი თანაგუნდელი დირკ კუიტი. ჯერარდის მუშაობა "რეინჯერსში" ძალიან წარმატებულია, ინგლისელმა მწვრთნელმა გუნდს 10-წლიანი პაუზის შემდეგ შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა და სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. დირკ კუიტს მიაჩნია, რომ ჯერარდი "ლივერპულისთვისაა" შექმნილი და არც მის ასისტენტობაზე იტყოდა უარს. Mirror-თან საუბარში კუიტმა განაცხადა: 
"ვგრძნობ, რომ მისი ლიდერის თვისებები სამწვრთნელო კარიერაში მას ძალიან შორს წაიყვანს. მიმაჩნია, რომ დიდებული იქნებოდა, თუ სტივენი "ლივერპულს" სათავეში ჩაუდგებოდა. ის სულით ხორცამდე ლივერპულელია და მთელი მოთამაშის კარიერა "ენ ფილდზე" აქვს გატარებული". "მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ხანდახან ერთმანეთს ახლაც ვნახულობთ". "მსურს, რომ ახლო მომავალში მწვრთნელი გავხდე და ვარიანტებსაც განვიხილავ, მაგრამ გამონაკლისის სახით უარს არც სტივენის ასისტენტობაზე ვიტყოდი. ძალიან მომეწონებოდა, თუ ის გადაწყვეტდა, რომ მე მისი დამხმარე უნდა ვიყო. საერთო ჯამში, ჩემს თავს მთავარი მწვრთნელის როლში ვხედავ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, გამონაკლისი ყოველთვის არსებობს".  " წარმომიდგენია, თუ რა ამაღელვებელი და ლამაზი მომენტი იქნება, როცა ჯერარდი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი გახდება". "ლივერპულში ის საოცარ სამუშაოს გასწევდა, ისევე, როგორც "რეინჯერსში". ის ყველაფერს ზედმიწევნით კარგად გააკეთებდა".

სხვა სტატიები