Belive

დინამო ბათუმი კვარაცხელიას ტრანსფერს არ ადასტურებს | გაურკვევლობის ქრონოლოგია

2 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებთან დაკავშირებით კვლავ ბუნდოვანი მდგომარეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები მოლაპარაკებას დასკვნით ფაზაში აწარმოებდნენ, თუმცა "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. "ყაზანის"რუბინის" მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა კი, თემასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვნის ნიშნები გააჩნია.  თუ რატომ არის ეს ყოველივე დამაბნეველი, ქრონოლოგიურად მოგიყვებით.

დინამო ბათუმის პოსტი სოციალურ ქსელში

23 მარტს, 17:25-ზე, დინამო ბათუმმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. ეს იყო ერთგვარი მინიშნება, რომ კვარაცხელია ბათუმური გუნდის რიგებს უერთდებოდა. ცხადია, ამ ყველაფერს მეტ დამაჯერებლობას სძენდა ის, რომ პოსტს "დინამო ბათუმის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობდით. კვარაცხელიას თითქმის დადასტურებულმა ტრანფერმა, "დინამო ბათუმის" გულშემატკივარში დიდი სიხარული გამოიწვია, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილი აღნიშნულ ამბავს კრიტიკულად შეხედა: უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, კვარაცხელია დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი ტალანტის კარიერა ევროპაში უნდა გაგრძელებულიყო და რომ მისი შეძენით იტალიური ფეხბურთის გრანდები, "ნაპოლი" და "ლაციო" ინტერესდებოდნენ.

დინამო ბათუმის პრეზიდენტის განცხადება

შუაღამისას, Popsport-ზე გამოქვეყნდა "დინამო ბათუმის" პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის კომენტარი, სადაც მან გაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კვარაცხელიასა და დავითაშვილის ტრანსფერების დადასტურების საფუძველი კლუბს ჯერ არ აქვს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ფრიად მოხარულები ვიქნებით, თუ ეს ფეხბურთელები დინამო ბათუმში აღმოჩნდებიან და გარკვეულ პერიოდს ჩვენს გუნდში გაატარებენ, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების საფუძველი არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ხვიჩას და ზურიკოს საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხლოებულ სანაკრებო მატჩებში", - განაცხადა ბერიძემ.
Live.ge-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუნდში გაურკვეველი მდგომარეობაა - დადასტურებულია, რომ ქართველ ფეხბურთელებთან მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა რა შეიცვალა, ჯერჯერობით, უცნობია. საკითხის გადაწყვეტას, სავარაუდოდ, სანაკრებო შესვენების შემდეგ უნდა ველოდოთ.

ყაზანის "რუბინის" დამაბნეველი პოსტები

კვარაცხელიას ბათუმში გადასვლას კითხვის ნიშნები მოჰყვა, თუმცა უფრო მეტად დამაბნეველი იყო რუსული კლუბის აქტიურობა სოციალურ ქსელში - თუკი ყაზანის "რუბინის" სოციალურ ქსელებზე შევიხედავთ, ვნახავთ რომ ბოლო პოსტები, ფაქტობრივად, კვარაცხელიაზეა აგებული. არჩილ ბერიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში, "რუბინმა" Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩას ხელში, წარწერას ვკითხულობთ: "გეყოფათ იმაზე საუბარი, რომ სადღაც მივდივარ". ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ანალოგიური პოსტი "რუბინს" ზაფხულში ჰქონდა გამოქვეყნებული და რომ აღნიშნული ფოტო, სულ მცირე, ახალი გადაღებული არაა და უფრო მეტად, მისი ავთენტურობა ეჭვქვეშაა დასაყენებელი.
მოგვიანებით, Facebook-ზე, ე.წ. "ქავერ ფოტო" განაახლა: გამოიცანით, ვინ არის გამოსახული ფოტოზე 👇   ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 20 მარტს, "რუბინი" მოსკოვის "ცსკა-ს" დაუპირისპირდა, სადაც კვარაცხელიამ კაპიტნის სამკლავური პირველად მოირგო - მოსკოვურმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 გაიმარჯვა. მატჩის კომენტატორის თქმით, არსებობდა იმისი ეჭვის საფუძველი, რომ კვარაცხელია გუნდს ტოვებდა და კაპიტნის სამკლავური ერთგვარი მადლობის ჟესტი გახლდათ. თამაშის დასრულების შემდეგ, კვარაცხელია და დავითაშვილი სანაკრებო შესვენებაზე გაემგზავრნენ. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მათი გამგზავრება სოციალური ქსელში მაინც განხილვის საგანი გახდა: კვარაცხელია ფოტოობიექტივში რამდენიმე სამგზავრო ჩანთით მოხვდა. "ვინ მიდის სანაკრებო შესვენებაზე ამდენი ჩანთით"? - ვკითხულობთ რუსული სპორტული ვებგვერდის, Match TV-ის სტატიაში.

შეჯამება

საერთო ჯამში, დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ბათუმსა და კვარაცხელიას შორის კავშირი შემდგარი იყო, თუმცა რა უშლის ხელს მოლაპარაკებას, რა არის მამუკა ჯუღელის (ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი) პოზიცია, რა სტატუსით შეიძლება გადავიდეს იგი ბათუმში, ეს უცნობია. ერთი რამ კი თვალნათლივ ჩანს - რუსული კლუბი ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს (€16 მლნ.) მარტივად არ შეელევა. ინფორმაცია განახლებადია...

სხვა სტატიები