Belive

დიეგო კოშტა ეჭვმიტანილია - ბრაზილიაში გამოძიება დაიწყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, რომელიც ამჟამად კარიერას "ატლეტიკო მინეიროში" აგრძელებს, პოლიციის ინტერესის ქვეშ მოექცა. გამოძიების საგანი ტოტალიზატორთან შესაძლო კავშირი გახდა. ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ფსონების და აზარტული თამაშების ვებ-გვერდის დაფინანსებაში, ინფორმაციას ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს, წყაროდ კი Globo-ს იშველიებს. Marca-ს ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ აზარტული თამაშების პოპულარიზაციის, კრიმინალური საქმიანობის, ფულის გათეთრების და გადასახადებისგან თავის არიდების საქმეებს. გამოძიება ყურადღებას ამახვილებს ტოტალიზატორის მფლობელებზე, მათ პარტნიორებზე და ამ კრიმინალური ქსელის სავარაუდო დამფინანსებელზე, რომელიც ფეხბურთელია. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე, ბრაზილიის არაერთ ქალაქში, მათ შორის დიეგო კოშტას მშობლიურ ქალაქში ჩხრეკა განხორციელდა. ოფიციალური წყაროები არ ავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას ჩხრეკის ადგილებისა და ეჭვმიტანილთა ვინაობის შესახებ, მაგრამ მედია აქ მადრიდის "ატლეტიკოს", ლონდონის "ჩელსის", "ბრაგას", ვიგოს "სელტას", "რეალ ვალიადოლიდის" და "რაიო ვალეკანოს" ყოფილ ფორვარდს ახსენებს, როგორც უკანონო ფსონების კომპანიის დამფინანსებელს. დიეგო კოშტამ  მადრიდის "ატლეტიკო" 2021 წლის პირველ იანვარს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბრაზილიურ კლუბს 14 აგვისტოს შეუერთდა, რომლის მაისურითაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები