Belive

"დიდი შეცდომა დავუშვი, რომ ბარსელონაში გადავედი" - ანტუან გრიზმანი

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტუან გრიზმანმა მეტროპოლიტანოზე ატლეტიკო მადრიდის მაისური ბოლოჯერ მოირგო და ჟირონასთან მოგებული მატჩის შემდეგ (1:0) ადგილობრივ გულშემატკივარს დაემშვიდობა, აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფრანგმა ლეგენდამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებს მიმართა და მათ კვლავ ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ შეცდომა დაუშვა და ბარსელონაში გადავიდა.

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ აქ დარჩით და მზად ხართ დამემშვიდობოთ, ეს ჩემთვის საოცარი შეგრძნება და ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ბევრი წავიდა და ვხვდები რატომაც, იყო პერიოდი, რომ ვერ ვიაზრებდი იმ სიყვარულს, რაც ამ გუნდის თითოეული გულშემატკივრისგან მოდიოდა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და დიდი შეცდომა დავუშვი, რომ ბარსელონაში გადავედი. ამის შემდეგ აზრი კვლავ შევიცვალე, გადავიფიქრე და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი.

მადლობა სამწვრთნელო შტაბს და მათ, ვინც ამ კლუბში ყველაფერი გააკეთა, არ შემიძლია დიეგო სიმეონე არ აღვნიშნო. თქვენი დიდი დამსახურებაა, რომ მე ზოგადად დიდი ენთუზიაზმით ვთამაშობდი და სწორედ ამიტომ გავხდი მსოფლიო ჩემპიონიც და თავს მსოფლიოში საუკეთესოდაც ვგრძნობდი. ბევრი რამით ვარ თქვენთან ვალში და თითოეულ მატჩში თქვენთან ერთად ბრძოლა ჩემთვის პატივია. არ ვიცი ლეგენდა ვარ თუ არა, მაგრამ თქვენ და კოკე ამ კლუბის ლეგენდა ხართ. სრულიად ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით.

მე არ მომიგია ლა ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მთავარია ურთიერთობა და სიყვარული. - ანტუან გრიზმანი

ანტუან გრიზმანი ბოლო მატჩს ვილიარეალის წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო სეზონიდან კი ფრანგი ფეხბურთელი კარიერას MLS-ის ჩემპიონატში, კერძოდ კი ორლანდო სიტიში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანმა კარიერა 2009 წელს რეალ სოსიედადში დაიწყო, 2014 წელს კი ატლეტიკო მადრიდში გადავიდა, სადაც 2019 წლამდე ასპარეზობდა, ფრანგი ფეხბურთელის მომდევნო გაჩერება 2019-დან 2021 წლამდე ბარსელონა იყო, ხოლო დღემდე ის მადრიდულ კლუბში ასპარეზობს. ასევე აღსანიშნავია, რომ 212 გოლით ანტუან გრიზმანი ატლეტიკო მადრიდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკო მადრიდის მაისური 500 შეხვედრაში მოირგო, 212 გოლი გაიტანა და 100 საგოლე გადაცემა გააკეთა. მათთან ერთად ევროპა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები