Belive

დიახ, სპორტი და პოლიტიკა გადაჯაჭვულია - ზინჩენკოს თვალებს მაინც შეხედეთ

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
"სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთ" - დარწმუნებული ვარ, ეს ფრაზა მრავალი ადამიანისგან მოგისმენიათ. შესაძლოა, ამ სტატიას ის ადამიანიც კითხულობდეს, რომელიც სწორედ ამ მოსაზრების მატარებელია. მინდა, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ, ამისთვის კი უკრაინელი ფეხბურთელების გულში ჩავიხედოთ და მათი გადაწყვეტილებები თუ ემოციები შევაფასოთ. დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, უკრაინის ეროვნული ნაკრები, ომის დაწყების შემდეგ, პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს - 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, უკრაინელები შოტლანდიას დაუპირისპირდებიან, ამ ორს შორის გამარჯვებული კი გადამწყვეტ მატჩს უელსთან ითამაშებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, უკრაინის ნაკრების მარცხენა მცველმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ ემოციური განცხადება გააკეთა:
"ყველა უკრაინელს ერთი, მთავარი ოცნება აქვს - ომის დასრულება. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მათ შორის უკრაინელ ბავშვებსაც - მათ არაფერი ესმით. თუმცა, ისინი ერთ რამეს ამბობენ: "მინდა ომი დასრულდეს". რაც შეგვეხება ჩვენ, ფეხბურთელებს - ჩვენც გვაქვს ოცნება: გვსურს, უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. გვსურს, ვაჩუქოთ უკრაინელებს ის ემოციები, რომელიც ამ უმძიმეს დროს დაიმსახურეს", - თქვა აცრემლებულმა ზინჩენკომ.

უკრაინის ნაკრების ლეგენდის, ანდრეი შევჩენკოს თქმით, უკრაინის ოცნება მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ფეხბურთის თამაში - ქვეყანა, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად, ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს (+500 დაჭრილი), შოტლანდიასთან მატჩს იმედის თვალით შეჰყურებს.
"გუნდს საოცარი მოტივაცია აქვს. უკრანის ნაკრები გულშემატკივრისთვის და მთელი უკრაინისთვის ითამაშებს - მათთვის, ვინც ქვეყანას მტრისგან იცავს, მათთვის, ვისაც სამშობლოს დატოვება მოუწია", - თქვა შევჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში.


ფეხბურთი, ცხოვრება, პოლიტიკა

არისტოტელე ამბობს, რომ ადამიანი პოლიტიკური არსებაა. როგორ შეიძლება პოლიტიკა არ გაინტერესებდეს, ან პოლიტიკური პროცესი შენამდე არ აღწევდეს, როდესაც შენს სამშობლოს ბომბავს ის სახელმწიფო, სადაც შენ ბურთს აგორებ? როგორ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, ზემოთაღნიშნული ტრიადა (ფეხბურთი, ცხოვრება, პოლიტიკა) დაანაწევრო? ფეხბურთი ხომ ცხოვრებაა? - ადრეც გვეწერა ერთ-ერთ სტატიაში, რომ ფეხბურთი ცხოვრების იდეალური ამსახველია – ეს აღზევებითა და დაცემით, ტკივილით, შეცდომებით, უიღბლობით, გამართლებით, ტკივილით, ცრემლითა და გამარჯვებით სავსე სამყაროა. ანატოლი ტიმოშჩუკის ქმედება მთელმა უკრაინამ დაგმო. არადა, ტიმოშჩუკი უკრაინის ნაკრების ლეგენდა, გუნდის კაპიტანი და ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშეა. მაშინ, რამ გამოიწვია ხალხის ასეთი აგრესია? ხალხის კრიტიკა შექმნილ გარემოებაზე ტიმოშჩუკის არაადეკვატურმა უკურეაქციამ გაამწვავა: იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რუსული საფეხბურთო კლუბის, "ზენიტის" მწვრთნელის ასისტენტია, მას უკრაინის ომთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია - აღარაფერს ვამბობთ რუსეთიდან წამოსვლაზე. "ვესტ ჰემის" ფორვარდის, ანდრეი იარმოლენკოს თქმით, მისი და ტიმოშჩუკის მეგობრობა დასრულებულია:
"ერთ დროს, ტიმოშჩუკი ჩემი კუმირი იყო. უკრაინის ომთან დაკავშირებით, შუაღამისას ტელეფონით ვილაპარაკეთ. ვკითხე: "საერთოდ, როგორ გძინავს?" ვიკამათეთ, შემდეგ კი მითხრა: "გაა**ვი". მეც იმავე ფრაზით გავისტუმრე", - თქვა იარმოლენკომ, რომელმაც მიმდინარე ომის ფონზე, "ასტონ ვილასთან" გატანილი გოლი გულწრფელი ცრემლებით აღნიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ FIFA-მ რუსეთის დატოვების მსურველ ნებისმიერ ლეგიონერს მწვანე შუქი აუნთო, ტიმოშუკმა “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტის არ დატოვა – თანაგუნდელებისა და მეგობრების ცრემლების, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვის ფონზე, ტიმოშჩუკს არც საჯარო განცხადება გაუკეთებია, რომლითაც ომის შეწყვეტას ან უკრაინის მხარდაჭერას დააფიქსირებდა. ადამიანი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, უკრაინაში დიდებითა და პატივით სარგებლობდა და გმირად იყო შერაცხული, სამშობლოში მწვავედ გააკრიტიკეს. გმირად შერაცხულ ტიმოშუკს დღეს მოღალატედ მოიხსენიებენ და დუმილს კი არ პატიობენ. შედეგად, მარტში, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ანატოლი ტიმოშუკს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, უკრაინაში მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოართვა.
“უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, ანატოლი ტიმოშუკმა, რომელიც უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანია, არათუ არ გააკეთა საჯარო განცხადება და არ დაგმო მომხდარი, არამედ რუსულ კლუბთან თანამშრომლობაც კი არ შეწყვიტა”. “იმ დროს, როდესაც მისი ყოფილი კლუბი (მიუნხენის “ბაიერნი”) გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს, ტიმოშუკი დუმს და აგრესორი ქვეყნის საფეხბურთო კლუბში მუშაობას განაგრძობს. “მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ტიმოშუკი ზიანს აყენებს უკრაინული ფეხბურთის იმიჯს და არღვევს, როგორც უკრაინის, ასევე UEFA-ს მთავარ ღირებულებებსა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს”, – აღნიშნული იყო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

სტატია ოლეკსანდრ ზინჩენკოზე საუბრით დავიწყეთ და მასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დეტალი აღვნიშნოთ: უკრაინელმა ფეხბურთელმა, "მანჩესტერ სიტისთან" ერთად, პრემიერ ლიგა მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერ ლიგის თასს უკრაინის დროშა შემოახვია, მილიონობით ადამიანი კი პირდაპირ ეთერში, უკრაინელის ემოციებს უყურებდა. ინგლისელ და არაინგლისელ ადამიანებთან მიდიოდა ინფორმაცია, რომ მაშინ, როდესაც სამყაროს ერთ ნაწილს რაღაც უხარია, ამ დროს რაღაც საშინელება ხდება. მაშინ, როცა ზინჩენკოს ქვეყანაში რუსული ბომბები და ტყვიები უდანაშაულო ხალხს კლავდა, გამარჯვების სიმბოლოზე ცისფერი და ხორბლისფერი კომბინაციის დროშა იყო შემოხვეული. აი სწორედ იმ დროს, როდესაც ტიმოშჩუკი პოლიტიკაში არ ჩაერია.
Zinchenko_celebration_with_flag_of_Ukraine

სხვა სტატიები