Belive

დღის Preview | რას უნდა ვუყუროთ დღეს?

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ევრო 2024-ის გახსნით მატჩში მასპინძელმა გერმანიამ შოტლანდიას 5:1 სძლია და გვაჩვენა, რომ მხოლოდ ტურნირის მასპინძლობა მის გეგმებში არ შედის. პირველი სათამაშო დღისგან განსხვავებით, დღეს 3 მატჩია ჩანიშნული და მათ შესახებ, მოკლედ, მთავარ დეტალებს გაგაცნობთ.

  • უნგრეთი Vs. შვეიცარია (17:00)

  • ესპანეთი Vs. ხორვატია (20:00)

  • იტალია Vs. ალბანეთი (23:00)

უნგრეთი Vs. შვეიცარია

17:00-ზე, A ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენელი, უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე მათგანისთვის, ამ შეხვედრამ შესაძლოა, ჯგუფიდან გასვლა-არგასვლის საკითხი გადაწყვიტოს. უნგრეთი, იტალიელი მარკო როსის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს, რომელსაც პირდაპირი დავალება აქვს მიცემული - ჰქონდეს უკეთესი შედეგი, ვიდრე გასულ ევროზე, როდესაც ბუდაპეშტში ორი მატჩის ჩატარების მიუხედავად, გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა.

უნგრეთის შესახებ იმისი თქმაც შეიძლება, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მარკო როსის გუნდი საერთოდ არ დამარცხებულა (5 მოგება, 3 ფრე). მეტსაც გეტყვით - უკანასკნელ 16 შეხვედრაში, უნგრელებს მხოლოდ 1 მარცხი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიელებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდებათ.

რაც შეეხება შვეიცარიას: მურატ იაკინის გუნდი ურიგო ფორმაში არ იმყოფება (6 გამარჯვება 7 მატჩში) და თანაც, ისტორიული შედეგის გამეორებას უმიზნებს - ევრო 2020-ზე შვეიცარიამ საფრანგეთი სენსაციურად გამოთიშა ტურნირს და მეოთხედფინალში ითამაშა. შვეიცარიას ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე "ხანდაზმული" გუნდი ჰყავს (გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის შემდეგ) და დიდ ტურნირებზე ნათამაშები, გამოცდილი გუნდი, იაკინის აზრით, მაღალ მიზნებზე ფიქრის საშუალებას იძლევა.

ესპანეთი Vs. ხორვატია

უდავო ფაქტია, რომ დღის მთავარი მატჩი 20:00-ზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლუის დე ლა ფუენტესა და ზლატკო დალიჩის გუნდები დაუპირისპირდებიან. ესპანეთს ევროპის ჩემპიონატზე კარგი მოგონებები აქვს - ტურნირის სამჯერ მომგებ "ფურია როხას" თითქოს ნაკლებად აფასებენ და ტურნირის ფავორიტად არც ასახელებენ, არადა, ესპანელებს ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ და მათგან სიურპრიზი გასაკვირი არ უნდა იყოს.

მეორე მხრივ, ფავორიტად დასახელებულ ესპანეთს იოლი გასეირნება არ ელოდება, თანაც, დალიჩის ხელმძღვანელობით მოთამაშე ხორვატიას ესპანეთი ერთხელ დამარცხებულიც ჰყავს. დამატებითი ფაქტორია ლუკა მოდრიჩის ბოლო სანაკრებო ტურნირი და რამხელა ძალასა და საფრთხეს წარმოადგენს გენიალური 38 წლის ნახევარმცველი ნებისმიერი კალიბრის მეტოქისთვის, ეს მიმდინარე სეზონშიც არაერთხელ ვიხილეთ.

ესპანელებს ევროპის ჩემპიონატი შორეულ 1964, ასევე 2008 და 2012 წლებში აქვთ მოგებული, 1984 წლის ფინალი კი საფრანგეთთან დათმეს. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისგან განსხვავებით, ხორვატია ევროზე ვერ ბრწყინავს - ამ ტურნირზე, ხორვატია მეოთხედფინალშიც კი არასოდეს ყოფილა.

იტალია Vs. ალბანეთი

ყველაფერი ცხადი და გასაგებია: იტალიის, ესპანეთისა და ხორვატიის მთავარი მწვრთნელები ალბანეთთან 3 ქულის აღებას გეგმავენ. მოქმედი ჩემპიონი იტალიისთვის, ალბანეთთან მატჩი ტურნირის კარგი განწყობის დასაწყებად იდეალური ვარიანტია, თანაც ალბანეთი იტალიისთვის უცხო ნაკრები არაა: 4-ჯერ შეხვდნენ, 4-ჯერ მოუგეს, გაუტანეს 7 და მიიღეს 1 გოლი.

მეორე მხრივ, ალბანეთის ნაკრებს გამორჩეულად კარგი პერიოდი აქვს. გუნდის სათავეში ბრაზილიელი ყოფილი მარცხენა მცველი, სილვინიო უდგას. ყველასთვის მოულოდნელად, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანეთმა ჩეხეთსა და პოლონეთის ნაკრებებზე უკეთესად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.

საინტერესო იქნება ევრო 2024-ზე ლუჩიანო სპალეტის ხილვა, რომელმაც იტალიის ნაკრები რობერტო მანჩინისგან გადაიბარა. გასული ტურნირის მსგავსად, იტალიას, თითქოსდა, განსაკუთრებული შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ უკანასკნელ 6 შეხვედრაში გუნდს მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული, რაც მანიშნებელია იმისა, რომ იტალია ყოველთვის გამორჩეულად სახიფათო და არაპროგნოზირებადი გუნდია.

სხვა სტატიები