Belive

დეშამი: "პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, პარიზულ გრანდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც არაერთი კარგი სამწვრთნელო თვისებითა და უნარით გამოირჩევა, თუმცა "ტუხელი ჯადოქარი არაა", - აღნიშნავს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელი. პარიზულ გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში წელს არცერთი ქულა არ დაუკარგავს, თუმცა საფრანგეთში დომინაცია ევროპაში პირველობას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი ახალი ფეხბურთელების შესაძენად და გუნდის გასაძლიერებლად ასეულობით მილიონს ხარჯავს, "პსჟ"  ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოგებას ვერ ახერხებს. "ტომას ტუხელს ფეხბურთელებთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის. მას ფეხბურთელებთან მკაცრი მიდგომა აქვს, თუმცა მათთან სიახლოვესაც ინარჩუნებს", - ასე დაახასიათა დეშამმა პარიზული გუნდის მთავარი მწვრთნელი გერმანულ Bild-თან საუბრისას. "რეალურად, "პსჟ" შემდეგი პრობლემის წინაშე დგას - გუნდი საფრანგეთში მარტივად იმარჯვებს და შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე მოულოდნელი სირთულის წინაშე აღმოჩნდება, სადაც ოპონენტები სულ სხვა დონის კლასითა და აგრესიით გამოირჩევიან. მთელი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდი კი ამას მიჩვეული არაა", - დაამატა მან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "პსჟ" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. მადრიდულმა გრანდმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა და ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული "პსჟ" უშანსოდ გამოთიშა ასპარეზობას. მანამდე კი, "ბარსელონასთან" 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ, უნაი ემერის გაწვრთნილმა გუნდმა განმეორებით მატჩში კატალონიელებთან მოულოდნელი ანგარიშით (6:1) წააგო და უდიდესი ფიასკო განიცადა.

სხვა სტატიები