დაუმარცხებელი კაბო ვერდე | გმირული მატჩი და მორიგი ქულა მსოფლიო ჩემპიონატზე
განვლილი 2 ტურის შემდეგ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა და სენსაცია კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრებია.
მათთვის ეს სადებიუტო მუნდიალია, თუმცა ტურნირის სტარტზე ისეთ გრანდებს შეხვდნენ, ბევრი მათ განადგურებას უწინასწარმეტყველებდა. რეალობა კი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა - კაბო ვერდემ პირველივე ტურში დაანახა ყველას საკუთარი ძალა და თავდადება, როცა უძლიერეს ესპანეთს ქულები დააკარგვინა და მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა.
დღეს კი აფრიკულმა გუნდმა მორიგი საგმირო საქმე ჩაიდინა და კიდევ ერთ გრანდთან, ურუგვაის ნაკრებთან გამართა ნამდვილი ომი. შეხვედრა ბრწყინვალე და უხვგოლიანი გამოდგა (2:2).
სწორედ ამ მატჩში ჩაიწერა კაბო ვერდეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ფურცელი, რადგან მათ მუნდიალზე თავისი პირველი გოლი გაიტანეს. რომელიც კევინ ლენინის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმას მოჰყვა, ნაკრებმა კი უნიკალური რეკორდიც დაამყარა – 1966 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, ვინც სადებიუტო გოლი მუნდიალზე პირდაპირი ჯარიმით გაიტანა.
განვლილი ორი ტურის შემდეგ, კაბო ვერდეს აქტივში 2 ქულაა, რაც ამ ჯგუფში ნამდვილი გმირობის ტოლფასია. რაც ყველაზე მთავარია, ეს პატარა ქვეყანა ორ მატჩში კვლავინდებურად დაუმარცხებელია. მათ დაამტკიცეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ტურისტებად არ ჩასულან და პლეი-ოფში გასვლის სრულიად რეალური შანსი აქვთ.
2 ტურის შემდეგ H ჯგუფს 4 ქულით ესპანეთი ლიდერობს, 2-2 ქულით მეორე და მესამე პოზიციას ურუგვაი და კაბო ვერდე იყოფენ, ხოლო 1 ქულით ბოლო პოზიციაზე საუდის არაბეთი იმყოფება.
ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, სადაც კაბო ვერდეს მეტოქე საუდის არაბეთის ნაკრები იქნება.