დაცვითი პრობლემები ლივერპულში - რატომ სჭირდება გუნდს გაძლიერება
ამხანაგური მატჩები იშვიათად ასახავს გუნდის რეალურ ძალას, თუმცა ლივერპულის ბოლო თამაშები ბევრ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი შეტევაში ცუდად არ გამოიყურება, დაცვაში ხარვეზები აშკარად შესამჩნევია, ამერიკულ ტურნეზე ჩატარებულ სამ მატჩში ლივერპულმა ექვსი გოლი გაუშვა, საიდანაც ოთხი მხოლოდ ლიდსთან მეორე ტაიმის 25 წუთში მიიღო.
„ცხადია, ეს არ იყო შედეგი, რომელსაც ველოდით, თუმცა, ალბათ, ეს ყველაზე სასარგებლო ამხანაგური მატჩი იყო ჩვენთვის. პირველ ტაიმში ბევრი დადებითი რამ ვნახეთ, მეორეში კი - უარყოფითი. ბევრი რამ ვისწავლეთ და მნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანეთ, რათა არსებული პრობლემები გამოვასწოროთ“ - ანდონი ირაოლა
ტრავმების გამო გუნდს ჯო გომესი და ჯოვანი ლეონი ვერ ეხმარებიან, იტალიელმა გასული სეზონის სტარტზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, ჯო გომესი კი ტრავმიანობის გამო არასტაბილურია. ახალწვეულ ჯერემი ჟაკეს ამერიკულ ტურნეზე საერთოდ არ უთამაშია - ის ინდივიდუალური პროგრამით ნელ-ნელა უბრუნდება სრულ მზადყოფნას.
კონატესა და რობერტსონის წასვლის შემდეგ, ირაოლამ არაერთხელ აღნიშნა, რომ გუნდს დაცვაში „რაოდენობრივი დეფიციტი“ აქვს. ლივერპულს მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველისა და მარჯვენა მცველის დამატებაც სჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ კონორ ბრედლის დაბრუნება ჯერ კიდევ შორსაა. გასულ სეზონში არნე სლოტს მარჯვენა მცველის პოზიციაზე კერტის ჯონსისა და დომინიკ სობოსლაის გამოყენება მოუწია.
ახალ სეზონში საკუთარ პოზიციაზე საუბრისას სობოსლაიმ აღნიშნა:
„ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ და არა მე, გასულ სეზონში არაერთ პოზიციაზე ვითამაშე. იმედი მაქვს, ნახევარდაცვაში ვითამაშებ, მაგრამ თუ მწვრთნელს მარჯვენა მცველად დავჭირდები, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ“ - დომინიკ სობოსლაი