Belive

დაძაბულობა პიკს აღწევს - გიოზთეფემ გუგეშაშვილი პირველი გუნდიდან მოკვეთა

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა გუგეშაშვილის თურქული კარიერა არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გიოზთეფემ 27 წლის ქართველი მეკარის მიმართ სადისციპლინო საქმისწარმოება დაიწყო და გადაწყვეტილების მიღებამდე, გუგეშაშვილი ძირითად გუნდს ჩამოაშორა.

ლუკა გუგეშაშვილსა და თურქული კლუბის ფანებს შორის სიტუაცია იმდენად უკონტროლო გახდა, რომ გიოზთეფე იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა.

გაზიანთეფის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, კლუბმა ძირითადი გუნდის მოთამაშის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ დისციპლინარული საქმისწარმოება დაიწყო.

მანამ, სანამ სადისციპლინო განხილვა მიმდინარეობს, მოთამაშე გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს. - გიოზთეფე.

შეგახსენებთ, რომ უსიამოვნო ინციდენტი გიოზთეფესა და გაზიანთეფის მატჩის მსვლელობისას მოხდა - თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში გიოზთეფემ გაზიანთეფს უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.

გიოზთეფეს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა, რომელმაც 4-ვე გოლი პირველ ნახევარში გაუშვა. 27 წლის მეკარე მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა, ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა. როგორც თურქული მედია წერს, ქართველ მეკარეს გულშემატკივრები მთელი ტაიმის განმავლობაში უსტვენდნენ.

ქართველი მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი გულშემატკივრების მთავარი სამიზნე გახდა. ფანები მეკარეს ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ. ქომაგები გიოზთეფეს აკადემიის აღზრდილის, სათადარიგო სკამზე მყოფი მეკარის, არდა ოზჩიმენის სასარგებლოდ სკანდირებდნენ. -

მოგვიანებით ლუკა გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა, სადაც იმ გულშემატკივრებს უპასუხა, რომლებიც თამაშის განმავლობაში ქართველ მეკარეს უსტვენდნენ.

მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო წუთამდე იბრძვის. ზოგჯერ ყველაფერი ისე ხდება, როგორც გვინდა, ზოგჯერ კი - არა. ფეხბურთში კარგი დღეებიც არსებობს და ცუდიც. მაგრამ, ვერავინ შეძლებს ჩემი ბრძოლის, ჩემი ხასიათისა და იმ შრომის ეჭვქვეშ დაყენებას, რომელიც ამ მაისურისთვის გავიღე.

თქვენი საქციელი გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ გიოზთეფეს ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ეს კლუბი და ყოველთვის, ყოველ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათ მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული მაქვს.

დიახ, შესაძლოა ახლა ცუდ პერიოდს გავდივართ, მაგრამ გიოზთეფეში მოსვლის პირველივე დღიდან არ ყოფილა არცერთი დღე, რომ ამ კლუბის ემბლემა და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში თუ მოედანზე...

ხოლო მათ, ვინც კლავიატურას ეფარება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი პატარა, ოდესმე ქუჩაში ან სადმე სხვაგან აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს... - ლუკა გუგეშაშვილი.

როგორც ჩანს დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების მიზეზი სწორედ ქართველი მეკარის პოსტი გახდა, თუმცა გიოზთეფეს ფანების მიერ გამოვლენილი სამარცხვინო საქციელისა და საკუთარი გუნდის წევრის მიმართ სტვენის დაგმობის შესახებ, განცხადება არ გაუკეთებია.

სხვა სტატიები