Belive

"CR7-ის წინააღმდეგ" - მადრიდის ატლეტიკოს გულშემატკივრებმა პეტიცია შექმნეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებსა და მედიაში დაიწყეს კამპანია, რათა ერთობლივად გამოხატონ აღშფოთება იმის შესახებ, რომ "ატლეტიკო" დაინტერესებულია ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის - კრიშტიანუ რონალდუს შეძენით. როგორც ყველასთვის ცნობილია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას ამ ზაფხულში აპირებს. პორტუგალიელით არაერთი მსოფლიო ფეხბურთის გრანდი დაინტერესდა, თუმცა ოფიციალური შეთავაზება არავის გაუკეთებია. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესებულია რონალდუს შეძენით და კლუბი მზად არის გაყიდოს ანტუან გრიზმანი, რათა კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემთხვევაში, მას ხელფასი უპრობლემოდ გადაუხადონ. თუმცა, ამ ფაქტმა, "როხიბლანკოს" გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია. გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ კლუბმა არ უნდა მოაწეროს ხელი ფეხბურთელთან, რომლის მემკვიდრეობაც ძლიერ არის დაკავშირებული კონკურენტ მადრიდის "რეალთან". ატლეტიკოს გულშემატკივრები იყენებენ "#ContraCR7" - რომელიც ითარგმნება როგორც 'CR7-ის წინააღმდეგ'. ეს ჰეშთეგი ესპანეთში შაბათ-კვირის ტრენდი გახდა. გულშემატკივრებმა ასევე აღნიშნეს, რომ თუ "ატლეტიკო" რონალდუს დაიმატებს, პროტესტის ნიშნად გულშემატკივრები სტადიონზე საკუთარი კლუბის საგულშემატკივროდ აღარ მივლენ. კრიშტიანუ რონალდუ თავის ხანგრძლივ და ისტორიულ კარიერაში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ უფრო ხშირად თამაშობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "როხიბლანკოს" წინააღმდეგ 37-ჯერ ითამაშა, საიდანაც 17-ჯერ გამარჯვება მის კლუბს დარჩა. რონალდუმ მათ წინააღმდეგ 25 გოლი გაიტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა მადრიდის "რეალის" 2014 და 2016 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებებში.

სხვა სტატიები