Belive

Corriere Dello Sport: "ჩემპიონატი მალე განახლდება, კვარა კი თავის მაგიას იბრუნებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება.

დიდ თამაშს ელიტარული საფეხბურთო ქვეყნებიდან განსაკუთრებით იტალიაში არიან მონატრებულნი, რომელთა ეროვნულ გუნდსაც კატარში გამართულ მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია და აპენინელები ახლა საკლუბო ტურნირების განახლებას განსაკუთრებით ელიან.

Corriere Dello Sport სერია A-ს განახლებაზე აქტიურად საუბრობს და კლუბების მზადყოფნას განიხილავს, სადაც აქცენტს "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე აკეთებს.

"ჩემპიონატის განახლება ახლოვდება და კვარაცხელია თავის მაგიურ დონეს უბრუნდება, მას შემდეგ რაც ზურგის შემაწუხებელი ტკივილი მოიშუშა, რომელიც მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფეხბურთო მოედნებს აშორებდა.

თურქეთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ხვიჩა კვარაცხელიას თითქოს ეძინა, მაგრამ ის ახლა ჩრდილიდან გამოვიდა და თავის ტრადიციულ სტილში ამოქმედდა. ის თავის ზღაპრულ განზომილებას დაუბრუნდა.

კვარაცხელია "ნაპოლის" ასეთ ფორმაში სჭირდება: ბრწყინვალე ინტუიცია, შეხებები, საგოლე პასის ალღო, რაც მიანიშნებს, რომ მას გიგანტური ნიჭი აქვს, რომელიც საქართველოში აღმოაჩინეს და მასში 10 მილიიონი ევრო გადაიხადეს. ის დაუყოვნებლივ გახდა ფენომენი, რომელიც შესწავლას საჭიროებს. მისი შესანიშნავი მოძრაობებით "ნაპოლი" სარგებელს იღებს", - წერს Corriere Dello Sport-ი.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები