"ჩვენი სავარჯიშო მოდელი განვითარების შესაძლებლობას ყველა ბავშვს მისცემს" - ბეტისის აკადემია თბილისში
რეალ ბეტისის (Real Betis Balompié) საფეხბურთო ფილოსოფიას საუკუნეზე დიდი დრო და გამოცდილება უმაგრებს ზურგს. კლუბი 1907 წელს დაფუძნდა, ხოლო 1914 წელს, მეფე ალფონსო XIII-სგან სამეფო (Real) კლუბის წოდება მიიღო.
2022 წელს ბეტისი ესპანეთის თასის (Copa Del Rey) მფლობელი გახდა; იგივე შედეგს კლუბმა 2005 და 1977 წელს მიაღწია; 1935 წელს კი ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბეტისის საფეხბურთო აკადემიები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია გახსნილი. ქვეყნისა თუ ქალაქის არჩევა მათი საფეხბურთო პოტენციალის მიხედვით ხდება.
თბილისის ბეტისის საფეხბურთო აკადემიის მიზანი საქართველოში ესპანური ფეხბურთის ფილოსოფიის დანერგვა, განვითარება და ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ესპანური კლუბის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა.
განხორციელებული პროექტების, მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, თბილისის ბეტისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, კახა კაპანაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც საინტერესო ინიციატივები დააანონსა.
როდის გაიხსნა ბეტისის აკადემია და სად მიმდინარეობს სამწვრთნელო პროცესი?
ბეტისის საფეხბურთო აკადემია თბილისში 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა. აკადემიის ფილოსოფია და სავარჯიშო მოდელი რეალ ბეტისის მეთოდოლოგიასა და კომპეტენციას ეყრდნობა. ჩვენი მიზანი საქართველოში ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვა და აკადემიის აღსაზრდელების უმაღლეს დონეზე მომზადებაა. სავარჯიშო პროცესი ესპანეთიდან იმართება და ბეტისის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მიმდინარეობს.
ვარჯიშები წყნეთში, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიმდინარეობს. ახლახანს კი ბეტისის საფეხბურთო სკოლა დიღმის მასივში გაიხსნა. 2024 წელს განვითარებას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ვაპირებთ. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პოტენციურ ადგილს, სავარჯიშო ბაზას ეხება - ჩვენთის მნიშვნელოვანია და მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
რა ასაკობრივი ჯგუფები გყავთ და რამდენი ბავშვი ვარჯიშობს ბეტისის აკადემიაში?
აკადემიის გახსნიდან დღემდე, ბეტისის მეთოდოლოგიით აკადემიაში 150-ზე მეტი აღსაზრდელი ვარჯიშობდა. ჩვენი მიზანი მათ უმაღლეს დონეზე მომზადებასთან ერთად, რასაც დრო და მეთოდოლოგიის სტაბილურად მიყოლა სჭირდება - მათთვის პოზიტიური სოციალური გარემოს შექმნაა. გარემოს, რომელიც ბავშვების სოციალური უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული - მეგობრობა, თანადგომა, შეცდომების აღიარება და გამოსწორება, მიზანდასახულობა, თავდაჯერებულობა და სხვა. ქართველი ბავშვების სახელი და გვარები ესპანეთში გაჟღერებულია და ზოგიერთ მათგანს შორიდან უკვე იცნობენ.
აკადემიაში ვარჯიშობენ 5-დან 16 წლამდე ბავშვები; გვყავს შემდეგი ასაკობრივი გუნდები: U6, U8, U10, U12, U14, U16. გუნდები ჯერ კიდევ დახვეწისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ აკადემიაში გამოცხადებულია ღია მიღება: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეავსოს მოცემული სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც ჩვენი მენეჯერები დაუკავშირდებიან და მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას: https://bit.ly/3ZJNlmN
რეალ ბეტისის თბილისის საფეხბურთო აკადემიაში ერთი თვის გადასახადი შეადგენს 150 ლარს. ნებისმიერ ჩვენს აღსაზრდელს აქვს ესპანეთში, ბეტისის ბაზაზე წასვლის ექსკლუზიური შესაძლებლობა.
ასაკობრივ ფესტივალებსა და ტურნირებში თუ მონაწილეობთ და როგორი შედეგი გაქვთ?
ბეტისის აკადემია საქართველოში მეორე სეზონს ატარებს; ყველა ასაკობრივი გუნდი გენერირების პროცესშია. გუნდები გადიან ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ან სხვადასხვა სამოყვარულო ფესტივალებზე. 2024 წლის შემოდგომისთვის ყველა გუნდი იქნება ჩამოყალიბებული და ჩართული ოფიციალურ შეჯიბრებებში.
შეგვიძლია გამოვყოთ U16 გუნდი, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან ჩართულია საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში. მე 2017 წლიდან ჩართული ვარ ფუტსალის პროფესიულ ლიგაში, როგორც ერთ-ერთ გუნდის პრეზიდენტი (MFC ILIAUNI - სხვადასხვა წელს პრიზიორი, 2021 წელს საქართველოს თასის გამარჯვებული). ფუტსალის დიდმა გამოცდილებამ დამანახა ამ სპორტის შესაძლებლობები; ამ წლების განმავლობაში ფუტსალის ლიგა საკმაოდ განვითარდა, გახდა კონკურენტუნარიანი, გაიზარდა გუნდების ბიუჯეტები და შესაბამისად ხელფასები; დარწმუნებული ვარ, რომ ფუტსალის თამაშით/ვარჯიშით ჩვენი ბეტისელები განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა: სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მოკლე მანძილზე ბურთის ფლობა, ზონის აღქმა, გუნდური თამაში და ა.შ. შემდეგ კი, გადაერთვებიან დიდ ფეხბურთზე. ამასთან ერთად, გარკვეული გამოცდილების შემდეგ ფუტსალის ალტერნატივაც ექნებათ. აქვე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ფუტსალის შემდეგ, დიდი ფეხბურთის თამაში უფრო ეფექტური იქნება.
ჩვენი აკადემიის აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებსა და ფესტივალებში, რა მხრივაც გვაქვს საკმაოდ დიდი საკომუნიკაციო წრე და შესაძლებლობები.
როგორია ბეტისის აკადემიის სამომავლო გეგმები - უახლოესი გეგმა და შორეული პერსპექტივა?
2024 წელი ჩვენი აკადემიისთვის სასიამოვნოდ დაიწყო. ახალ წელს განახლებული ეკიპირების პირველი ნაკადი ჩამოვიტანეთ. ჩვენ არ გვაქვს ადგილზე ფორმის შესყიდვის ან რაიმე სხვა მანიპულაციის უფლება - რეალ ბეტისის სპორტული პარტნიორი არის “hummel”, შესაბამისად ეკიპირება სრულად ესპანეთიდან ჩამოგვაქვს. მარტის შუა რიცხვებამდე აკადემია სრულად იქნება განახლებული და მაღალი ხარისხის ეკიპირებით წარმოდგენილი. ვიზუალურ იდენტობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გვიხარია ეს ამბავი.
7 მარტს ესპანეთში, სევილიაში მიგვყავს ბავშვები. ეს პირველი ოფიციალური გასვლა იქნება ბეტისის ბაზაზე. რეალ ბეტისის ოფიციალური წარმომადგენლობა გვაძლევს შესაძლებლობას ქართველ ტალანტებს პირდაპირი გზა გავუხსნათ ევროპული ფეხბურთისკენ. პროექტი “Betis Behind the Scenes” ჩვენი აკადემიის აღსაზრდელებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი საფეხბურთო უნარები ესპანეთში, ბეტისის ბაზაზე წარმოაჩინონ, დაკავშირდნენ გუნდთან, სხვადასხვა სკაუტებთან და შერჩევის შემთხვევაში მიიღონ კონტრაქტი ესპანური კლუბისგან. მეორე მხრივ, აღნიშნული პროექტი საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცეთ ბეტისის, როგორც ევროპული საფეხბურთო სამყაროს ღირსეული და ისტორიის მქონე წევრის, ადგილზე ნახვის შესაძლებლობა. მოცემული პროექტის ფარგლებში ბავშვები ჩაატარებენ 5 საჩვენებელ ვარჯიშს და ჩაერთვებიან 2 მატჩში; ესტუმრებიან ბენიტო ვილამარინის სახელობის სტადიონს, დაათვალიერებენ ისტორიულ მუზეუმებს, დაესწრებიან ბეტისის ოფიციალურ მატჩს, შეხვდებიან მთავარ გუნდს და დაათვალიერებენ ქალაქს. “Benito Villamarín Stadium” - ესპანეთში სიდიდით მე-4 სტადიონია და 60.270 ადამიანს იტევს.
აქვე აღვნიშნავ, რომ რეალ ბეტისის გულშემატკივრები (“Béticos”, "verdiblancos") ცნობილები არიან კლუბისადმი მათი ურყევი მხარდაჭერითა და თავდადებით. ესპანეთში გულშემატკივართა საშუალო დასწრებით ბენიტო ვილამარინის სტადიონი IV პოზიციას სტაბილურად იკავებს.
მიმდინარე წელს ბეტისის ბაზაზე გასვლა რამოდენიმეჯერ გაკეთდება. ვმუშობთ იმაზე, რომ ეს შესაძლებლობა სხვა აკადემიების წარმატებულ მოთამაშეებს მივცეთ, რითაც დავეხმარებით ქართველ ტალანტებს ევროპული გზის გაკაფვაში. ქართულ საფეხბურთო აკადემიებს რეალურად როგორც პოტენციურ პარტნიორებს ისე ვუყურებთ, რადგან ჩვენი შესაძლებლობები და უპირატესობები საკმაოდ განსხვავდება ადგილობრივი, ლოკალური აკადემიებისგან. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ევროპული ფეხბურთის სამყაროსთან ვაზიაროთ ნიჭიერი ახალგაზრდები.
აპრილის დასაწყისში დაგეგმილია ბეტისის ადმინისტრაციის სტუმრობა საქართველოში. ვიზიტის მიზანი აკადემიის მოცემულობების ადგილზე დათვალიერება და სამომავლო გეგმების ადგილზე შეჯერებაა. ვეცდებით არაერთი ოფიციალური შეხვედრა დავგეგმოთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის თანამდებობის პირებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან. ნებისმიერი ინიციატივა ჩვენთვის ამ კუთხით საინტერესო იქნება და ღია ვართ კომუნიკაციისთვის.
რაც შეეხება სავარჯიშო გეგმას და გუნდების განვითარებას - 2024 წლის პირველი ნახევარი სრულად ეთმობა ყველა ასაკობრივი გუნდის პირველი ჯგუფების ჩამოყალიბებას.
2024 წელს გვსურს რეგიონალური ფილიალებიც გავხსნათ. გვაქვს მოლაპარაკებები რამოდენიმე მხარესთან და დარწმუნებული ვარ ამ კუთხით კარგ სიახლეებს მიმდინარე წელსვე შეგატყობინებთ.
ხაზგასმით შემიძლია ვთქვა ერთი რამ - რეალ ბეტისის საქართველოში შემოსვლა არის მოვლენა, რადგან მსგავსი ოფიციალური კავშირი ქართულ რეალობაში აქამდე არ ყოფილა. ამასთან ერთად, იმისათვის რომ ეს შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენოს ქვეყანამ - ჩვენ ყველა მხარის ხელშეწყობა გვჭირდება, როგორც ფეხბურთის ფედერაციისა თუ მათთან დაკავშირებული პირების, ისე კერძო სექტორისა თუ სხვა ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანების/კომპანიების. ამ კუთხით, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის განსახილველად.
ფუტსალში ბეტისის აკადემიის ჩართვა ჩემთვის პირადი გამოწვევაა, რადგან მაქვს დიდი სურვილი და მოტივაცია დავაკავშირო ესპანური და ქართული ფუტსალი. და თუ შევძელით ეს - ქართველ, ძალიან კარგ და გამოცდილ პროფესიონალ ფუტსალის მოთამაშეებს მივცემთ ესპანეთში თამაშის შესაძლებლობას, ხოლო ქართულ გუნდებს კი გამოცდილი ესპანელების გუნდში მიღების შესაძლებლობას. ესპანეთში ფუტსალის დონე ერთ-ერთი უმაღლესია მთელ მსოფლიოში.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი, ბავშვების სწორ აღზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში?
როგორც ზემოთ ვახსენე, აკადემიის მიზანი, გარდა სავარჯიშო სისტემისა არის პოზიტიური სოციალური გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვების სოციალური უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი სავარჯიშო მოდელი ყველა ბავშვს მისცემს განვითარების შესაძლებლობას და აუცილებლად მოიტანს თვალსაჩინო შედეგს გარკვეულ დროში. სწორედ ეს პროცესი უნდა დაინახონ ბავშვებმა და მიხვდენ რომ მათ მიერ დახარჯულმა ენერგიამ გამოიღო შედეგი. ცხოვრებაშიც ესეა - თუ მობილიზებული ხარ, გაქვს ფოკუსი და მიზანი - შენი გახარჯული ენერგია უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად მოიტანს გარკვეულ შედეგს. სწორედ ეს არის ის საუკეთესო უნარი, რაც შეგვიძლია ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ, საფეხბურთო ტექნიკურ განვითარებასთან ერთად.
საგაზაფხულოდ ვატარებთ ტურნირს “Copa Del Betis”, რომელშიც მონაწილეობის უფლება აკადემიებთან ერთად, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს აქვთ. ამ კუთხით ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ამასთან ერთად გავზარდოთ ჩვენი მიდგომების ცნობადობა. აქამდე ჩვენს ტურნირებში 300-ზე მეტი ბავშვი იყო ჩართული. საგაზაფხულოდ ყველა ასკობრივ ჯგუფზე გვექნება მსგავსი აქტივობა.
როგორ ხდება მწვრთნელების შერჩევა ბეტისის აკადემიაში?
ჩვენი მიზანი, ქართული ფეხბურთის განვითარებასთან ერთად, სამწვრთნელო კომპეტენციების განვითარებაა. ყოველკვირეული ვარჯიშები წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით ტარდება, რაც ესპანეთის ბაზიდან კონტროლდება.
ჩვენს მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა სევილიაში, რეალ ბეტისის ბაზაზე დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებს, რომელიც მათ სამწვრთნელო ხედვებსა და ტექნიკას გააუმჯობესებს.
ჩვენი ხედვა ახალგაზრდა, მოტივირებულ მწვრთნელებთან თანამშრომლობას უკავშირდება, რადგან გვსურს მათი მიდგომები პირდაპირ ბეტისის მეთოდოლოგიით ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.
აღსანიშნავია სტაჟირების პროცესი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. რეალ ბეტისის საფეხბურთო აკადემია სამწვრთნელო კარიერით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 3 თვიან სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტაჟიორები ასისტენტობას გაუწევენ ბეტისის მოქმედ, სერტიფიცირებულ მწვრთნელებს; მიიღებენ გამოცდილებას და შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატს.
აღნიშნული პროცესი გვაძლევს მოტივირებული ახალგაზრდების პოვნის შესაძლებლობას. აქამდე პროგრამა 8 ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 3-ს ჩვენთან მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მიეცა, 2 კი სამწვრთნელო ლიცენზირების პროცესშია ჩართული. ამ ეტაპზე კი სტაჟირების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3GiKFpm
შეჯამების სახით მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ბეტისის აკადემიის საქართველოში ყოფნა ყველამ შესაძლებლობად აღვიქვათ - და თუ რაიმე იდეა, ინიციატივა ან მოსაზრება გექნებათ - დაგვიკავშირდით. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის მზად ვართ დავხარჯოთ ჩვენი დრო და ენერგია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.