Belive

ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: "მოხარული ვარ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინეთ"

4 საათის წინ ფეხბურთი
4 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში პირველი მატჩი გამართა და საშინაო შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ 99-ე წუთზე, შეი ჩარლზმა გაგვიტანა.

ჩვენი ნაკრები განსაკუთრებით ინერტული პირველ ტაიმში იყო, თუმცა მეორე ნახევარში გიორგი ჩაკვეტაძის გამოსვლის შემდეგ შეტევაში გავაქტიურდით და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ვერგატანილი თერთმეტმეტრიანი.

შეტევების გოლით დაგვირგვინება ვერ შევძელით და სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა - ჩრდილოეთირლანდიელი ქომაგები და საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები - მსაჯის საფინალო სასტვენს ელოდა, როდესაც მოულოდნელი პასითა და ჩვენი დაცვის ჩავარდნით მეტოქემ ისარგებლა და შეი ჩარლზის უძლიერესი დარტყმული ჩვენს ბადეში გაეხვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა გააკეთა.

"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას არ მივეცით შესაძლებლობების გამოყენების საშუალება - ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ოქროს ბურთის კანდიდატია.

მეორე ტაიმში, როდესაც საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა შეიცვალა, ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, თუმცა ამასაც კარგად გავუმკლავდით.

მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვარ. განსაკუთრებით არ ვეთანხმები პენალტის დანიშვნას. ასევე, მომენტში, როდესაც დენიელ ბალარდმა ტრავმა მიიღო, მიმაჩნია, რომ მეტოქემ ძალიან იუხეშა.

მოხარული ვარ, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინეთ. შედეგის მიუხედავად, საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ჩვენს მომავალ მატჩში არ მიმაჩნია რომ ჩრდილოეთ ირლანდია იქნება ფავორიტი. ტრავმის გამო დღეს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშემ გაფრთხილებაც მიიღო და ეს საყურადღებოა", - განაცხადა ო'ნილმა.

მედიასთან საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა და ფეხბურთელთა ტრავმიანობას გაუსვა ხაზი.

"ვფიქრობ, სწორი გეგმა გვქონდა. იყო ტრავმიანობის პრობლემა. მაგალითად, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი 30-40 წუთზე მეტი დროით თამაშისთვის მზად არ იყვნენ. პრობლემურია ის, რომ ჩაკვეტაძის შემცვლელი სკამზე არ გვყავს.

პირველ ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ, მეორეში - უკეთესად, მომენტების გამოყენების შემთხვევაში, შეხვედრას სასურველი შედეგით დავასრულებდით. პირველ ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, ძალიან ნელა ვიწყებდით შეტევას, ხვიჩას უკან ჩამოსვლა უწევდა. შესვენებაზე ცვლილება განვახორციელე, რომელმაც იმოქმედა. გავაქტიურდით და ხვიჩას რომ პენალტი გაეტანა, სხვა სცენარს მივიღებდით.

დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენალტის შემსრულებელი ან ხვიჩა იქნება, ან მიქაუტაძე - დაარტყამს ის, ვინც იგრძნობს მეტ თავდაჯერებას. წარსულში მიქაუტაძესაც აქვს პენალტი გაფუჭებული (საბერძნეთთან) და ეს ხდება ხოლმე.

როდესაც აგებ, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავ. გასაგებია რომ მაკრიტიკებთ. ეს თქვენი, ჟურნალისტების საქმეა. თუმცა იყო ტრავმიანობის პრობლემა. მცველების იძულებითი ცვლილების გამო, შეტევაში რესურსი მაკლდება. კუნთის დაჭიმულობის გამო მცველების შეცვლა მომიწია და ეს იშვიათად ხდება", - აღნიშნა სანიოლმა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 სექტემბერს, საშინაო არენაზე, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები