Belive

ჩისკოს ზედიზედ მეოთხე მოგება და უშუალო კონკურენტის მარცხი - უოტფორდმა მეორე ადგილი გაიმყარა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურის შეხვედრები "უოტფორდისთვის" წარმატებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა თავისი მატჩი "როტერჰემის" წინააღმდეგ - 4:1 მოიგო და ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწია, უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ამან "დინამო თბილისის" ყოფილ მწვრთნელს ახალ კლუბთან ერთად მეორე ადგილის შენარჩუნებაში ხელი შეუწყო. "ბრენტფორდმა", რომელიც "დერბი ქაუნთის" პირველი ნახევრის შემდეგ - 2:0 უგებდა, საბოლოო ჯამში ფრე ითამაშა (2:2), ხოლო "სოუნსიმ" "ბორნმუთთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში სამი უპასუხო გოლი გაუშვა. ეს ჩისკოსთვის ინგლისურ კლუბში მე-17 შეხვედრა და მე-12 გამარჯვება იყო, მის ხელში "უოტფორდმა" 2 ფრე ითამაშა და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა (მათ შორის ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან"). ლონდონელებს 72 ქულა აქვთ, უახლოეს მდევარ უელსურ კლუბს კი 69 და მატჩით ნაკლები, თუმცა "თეთრ გედებს" წინა ტურებში ჩასატარებელი შეხვედრების რაოდენობით, პოტენციურად 7 ქულით წინ გასვლა შეეძლოთ, ახლა კი ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გუნდებს თანაბარი ქულები ექნებათ. რაც შეეხება "ბრენტფორდს" "ფუტკრესბს" 67 ქულა აქვთ და ამ ეტაპისთვის ლიდერებს მარათონში ჩამორჩნენ. შემდეგ შეხვედრას 40 წლის ესპანელის გუნდი პრემიერ ლიგაში დასაბრუნებელ ბრძოლაში 20 მარტს, საშინაო კედლებში, "ბირმინგემის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები