Belive

ჩისკოს ხმაურიანი ტრანსფერი: უოტფორდმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი მარცხენა მცველი, დენი როუზი კარიერას "უოტფორდში" გააგრძელეს. 30 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა საყვარელი კლუბი 14-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ჩისკო მუნიოსის გუნდს შეუერთდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დენი როუზი "დეზების" შემადგენლობაში 2008 წლიდან, ანუ "ლიდსიდან" გადაბარგების შემდეგ ირიცხებოდა და 2009 წელს, ორი თვით სწორედ "უოტფორდში", მოგვიანებით კი "პიტსბურგში", "ბრისტოლ სიტისა" და "სანდერლენდში" იყო განათხოვრებული, 2013 წლიდან კი ლონდონური კლუბის მთავარი გუნდის სტაბილური წევრი გახლდათ და 214 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 29 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, როუზმა 2020 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდი იჯარის წესით "ნიუკასლში" გაატარა, ბოლო ერთი სეზონი კი კვლავაც "ტოტენჰემში" ირიცხებოდა, თუმცა მოედანზე მხოლოდ ორჯერ, 23-წლამდელთა გუნდის მაისურით, პრემიერ ლიგა 2-ის შეხვედრებში გავიდა. რაც შეეხება "დინამო თბილისის" ყოფილი მწვრთნელის გუნდს, ინგლისის საფეხბურთო ელიტაში დაბრუნებული ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებას 14 აგვისტოს, "ასტონ ვილასთან" საშინაო კედლებში დაპირისპირებით დაიწყებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი პირველი დიდი გამოცდის ჩაბარება ესპანელ სპეციალისტს 28 აგვისტოს, სწორედ როუზის ყოფილ გუნდთან სტუმრად, "ტოტენჰემ არენაზე" მოუწევს.  

სხვა სტატიები