Belive

ჩისკო საქართველოს ნაკრებში? | Marca-მ მივიწყებული ამბავი გაიხსენა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველო Vs. ესპანეთის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, Marca-მ ქართულ-ესპანურ კავშირს (მაგალითად, ბასკები და იბერია) არაერთი სტატია მიუძღვნა. ამჯერად, ესპანურმა გამოცემამ ჩისკო მუნიოსი გაიხსენა - "დინამო თბილისის" ყოფილი თავდამსხმელი და მთავარი მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ.

ესპანური გამოცემა იხსენებს, რომ ჩისკო "დინამოში" 2011 წელს, "ლევანტედან" გადავიდა - გახდა საქართველოს 2-გზის ჩემპიონი (2012/13, 2013/14) და 3-გზის საქართველოს თასის მფლობელი (12/13, 13/14, 14/15). ასევე, ჩისკო ეროვნული ლიგის 2-გზის ბომბარდირია: 12/13 წლების სეზონში 24 გოლს, ხოლო 13/14-ში კი 19 გოლს მოუყარა თავი.

Marca წერს, რომ წარმატებული სეზონების ფონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩისკოს დაუკავშირდა და მას ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზა.

"ნამდვილად იყო ამის შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით ბევრს ვსაუბრობდით. გვქონდა გარკვეული პროგრესიც, მაგრამ ამ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის წლები არ მქონდა გატარებული და შესაბამისად, ეს იდეა დავივიწყეთ. საინტერესო იქნებოდა - მეც გავიზრდებოდი და გუნდიც გაძლიერდებოდა, თუმცა ეს შესაძლებელი არ გახლდათ", - იხსენებს ჩისკო Marca-სთან საუბრისას.

Marca ჩისკოს სამწვრთნელო საქმიანობითაც დაინტერესდა - 2019 და 2020 წლებში, ჩისკომ "დინამოს" ეროვნული ლიგა 2-ჯერ მოაგებინა.

"საქართველო კარგად მახსენდება. როგორც ფეხბურთელს, ჩემს თანაგუნდელებთან, ბევრი საერთო მოგონება მაკავშირებს. კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებთ. როგორც მწვრთნელი, შევეცადე ბიჭებს ზრდასა და ოცნებების მიღწევაში დავხმარებოდი. როდესაც მათ განვითარებას ხედავ, თავს ამაყად გრძნობ". - ჩისკო

ესპანელმა სპეციალისტმა ვილი სანიოლის ნაკრებიც შეაფასა.

"საქართველოს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც, ინდივიდუალურად, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა და უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით, ისინი კარგად არიან მომზადებულები. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ სანიოლმა კარგ ბალანსს მიაგნო", - დაამატა ჩისკომ.

სხვა სტატიები