იტალიური "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი, გუნდში რჩება. Sky Sport Italia-ს ცნობით, ჯან პიერო გასპერინიმ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. იტალიელი სპეციალისტის ანაზღაურება წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება.
გასპერინიმ "ატალანტას" ფეხბურთელებთან ერთად უდიდეს შედეგს მიაღწია - გუნდმა სერია-ა-ში მე-3 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ გასპერინის გადაბირებით "რომა" იყო დაინტერესებული, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა "ატალანტაში" დარჩენა ისურვა.
ასევე ნიშანდობლივია, რომ "ატალანტას" წარმატების გამო, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო, რასაც ჯენარო გატუზოს გადადგომა მოჰყვა - "როსონერიმ" მე-5 ადგილი დაიკავა და "ევროპა ლიგის" საგზური მოიპოვა.