Belive

ჩემპიონობა სტადიონზე? - ნეაპოლში მატჩის გადადებას ითხოვენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 33-ე ტური "ნაპოლისთვის" უდიდესი ალბათობით ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" საშინაო შეხვედრაში დაამარცხებენ, ხოლო უახლოესი მდევარი "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

დედაქალაქელები თავის შეხვედრას 30 აპრილს გამართავენ და მატჩი 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი წინა დღეს, 29 აპრილს ითამაშებს - დაპირისპირებაში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.

შესაბამისად, თუ ყველაფერი იმ სცენარის მიხედვით განვითარდა, რომელიც ზევით ვახსენეთ, "ნაპოლის" გულშემატკივრებს ჩემპიონობის აღნიშვნა ტელეეკრანებთან მოუწევთ, რაც 33-წლიანი ლოდინის შემდეგ მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

იმის ფონზე, რომ ჩემპიონობის აღნიშვნა ქალაქში ქაოსის გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სერია A-ს მმართველებს ოფიციალური თხოვნით მიმართეს, რომ მატჩი შაბათის ნაცვლად კვირა დღეს გაიმართოს და "ლაციოს" შეხვედრის პარალელურად დაიწყოს.

საქართველოს ნაკრების ლიდერის გუნდს მესამე ტიტულის მოსაგებად სულ მცირე 5 ქულა სჭირდება, შესაბამისად, თუ შემდეგ ტურში ყველაფერი ხსენებული სცენარის მიხედვით არ განვითარდება, ჩემპიონობა 1 კვირით გადაივადებს.

სხვა სტატიები