Belive

რატომ გაიზარდა კვარას ფასი? | Transfermarkt-ის განმარტება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

Transfermarkt-მა მორიგი განახლება გააკეთა, რომლის შედეგადაც, სერია A-ს €100-მილიონიანი ფეხბურთელი კვლავ ეყოლება - ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც "ნაპოლისთან" და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საოცარ სეზონს ატარებს. ცხადია, ჩვენი ყურადღების ობიექტი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომლის სატრანსფერო ღირებულება კვლავ გაიზარდა და მისი სახელის გასწვრივ ერთ დროს წარმოუდგენელი, დღეს კი სრულიად დამსახურებული რიცხვი, €85 მილიონი წერია.

Transfermarkt-ის თანახმად, ოსიმენის ფასი €30 მილიონით, კვარასი კი €25 მილიონით გაიზარდა. ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდის მიმართ სრულიად საფეხბურთო სამყაროს ინტერესია მიპყრობილი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სეზონის ბოლოს, Transfermarkt-ის განახლება ქართულ საფეხბურთო ისტორიაში მორიგ რეკორდს დააფიქსირებს.

"კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის მომავალი სუპერვარსკვლავია, ამისათვის მას ყველა ატრიბუტი გააჩნია. სავარაუდოდ, კვარაცხელიასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები სატრანსფერო ჭორი იმ მიზეზით ვრცელდება, რომ მას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცენტრფორვარდების ფასი ზოგადად უფრო მაღალია.

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ნიგერიელი ფორვარდი და მისი თანაგუნდელი ტოპ ფორმაში იმყოფებიან. "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ბოლო წლების განმავლობაში, სერია A-ში ამხელა სხვაობა პირველ და მეორეადგილოსან გუნდებს შორის იშვიათად თუ მახსენდება", ამბობს იატინ დიტლი, რომელიც Transfermarkt-ის რეგიონალური წარმომადგენელია იტალიაში.

"იქედან გამომდინარე, რომ ოსიმენს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ვფიქრობთ, რომ სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში, მის სანაცვლოდ გადახდილი თანხა 9 ნიშნით დაიწერება. მისი მთავარი მსურველები "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "პსჟ" არიან", აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ბოლო განახლების თანახმად, სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას სწორედ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობენ.

სხვა სტატიები