Belive

La Gazzetta dello Sport: "კვარაცხელიას მარადონაზე კარგი დებიუტი ჰქონდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული გაზეთი, La Gazzetta dello Sport საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დებიუტს ეხმაურება და წერს, რომ მას უფრო კარგი დებიუტი ჰქონდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, დიეგო არმანდო მარადონას.
"ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში "ვერონას" წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში ჰქონდა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კვარაცხელიას უფრო კარგი დებიუტი ჰქონდა, ვიდრე დიეგო მარადონას. მკრეხელობად არ ჩაგვითვალოთ, მაგრამ "ვერონას" წინააღმდეგ კვარაცხელიას თამაში ჰგავდა 1984 წლის სექტემბერში მარადონას მიერ ჩატარებულ შეხვედრას, მანაც "მარკანტონიო ბენტეგოდიზე" (ვერონას სტადიონი) ითამაშა. განსხვავებით კვარაცხელიასგან, მარადონა "ვერონასთან" დამარცხდა. დღეს განსხვავებული მოცემულობაა. ქართველმა დებიუტი გოლის გატანითა და საგოლე პასის გაკეთებით აღნიშნა და იგი გადამწყვეტი ფიგურა იყო "აძურების" წარმატებაში. მოკლედ, კვარადონა, როგორც იგი ნეაპოლში მონათლეს, არამხოლოდ თავს აწონებს გულშემატკივარს, არამედ მას გუნდისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია", - წერს La Gazzetta dello Sport-ი.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო შეხვედრაში, “ჰელას ვერონას” კარში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გუნდი “მონცას” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები