Belive

რას ნიშნავს არსენალი, იუნაიტედი, ჰოთსპური და სხვა? | გაიგეთ მეტი ინგლისური კლუბების ისტორიის შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ

ინგლისის ტოპ 4 ლიგაში მოიძებნება 13 კლუბი, რომლის დასახელებაშიც გვხვდება სიტყვა "იუნაიტედი". ამას გარდა, ინგლისში გავრცელებულია "სიტი," "თაუნი", "როვერსი", "უანდერერსი" და ა.შ. - ათწლეულების განმავლობაში, ეს სიტყვები სალაპარაკო ენის ჩვეულებრივ ნაწილად იქცა, თუმცა მათ მიღმა გარკვეული მინიშნებები, მეტიც, მნიშვნელობა იმალება.

თითოეული ინგლისური კლუბის დაარსების ისტორია საინტერესო და უნიკალურია. მათ აარსებდნენ მეგობრები, კლასელები, თანამშრომლები და ა.შ. სახელის მოფიქრებაზე გავლენას საცხოვრებელი/სამუშაო ადგილი ან იმ პერიოდში გავრცელებული, მოდური დასახელება ახდენდა.

რას ნიშნავს არსენალი?

არსენალი | მნიშვნელობა #1 - იარაღის, შეიარაღების კრებული. მნიშვნელობა #2 - ადგილი, სადაც შეარაღება ინახება ან მზადდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, მდინარე ტემზის სანაპიროზე, ერთ დროს დიდი კომპლექსი იყო აშენებული, სადაც ბრიტანეთის არმიისთვის მზადდებოდა შეიარაღება და ტარდებოდა სამხედრო კვლევები.

მე-19 საუკუნის მიწურულს, სამუშაოს შემდეგ, თანამშრომლები გასართობად ბურთს თამაშობდნენ. მათ შორის იყვნენ შოტლანდიელი ინჟინერი, დევიდ დენსკინი და სხვა ბიჭები, რომლებიც იმდროინდელ საფეხბურთო მექას - ნოტინგემს წარმოადგენდნენ.

სწორედ მაშინ, შეიქმნა "საფეხბურთო კლუბი დიალ სქვეარი" (FC Dial Square). თარიღი სადავოა - ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს 1884 წელს მოხდა, თუმცა არქივში ისიც წერია, რომ 1886 წლის დეკემბერში, "დაილ სქვეარმა" "ისთერნ უანდერერსი" ანგარიშით 6:0 დაამარცხა. შემდეგ, საშობაოდ, ბიჭები Royal Oak-ის პაბში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ კლუბისთვის სოლიდური და მათ საქმიანობასთან უფრო დაახლოებული სახელი ეწოდებინათ.

Downloader.la-631762f43f4fe

ასე დაერქვა ლონდონის "არსენალის" წინამორბედ კლუბს "როიალ არსენალი", რომელიც მათი სამსახურისა და პაბის სახელს აერთიანებდა. "როიალ არსენალმა" პირველი ტიტული 1890 წელს მოიგო, მომდევნო წელს კი გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელიც პროფესიონალურ ტურნირებში ჩაება.

რას ნიშნავს კრისტალ პალასი?

"კრისტალ პალასის" შექმნისა და მისი დაარსების ზუსტი თარიღი სადავოა საკითხია. კლუბის არსებობას პროფესიონალური სახე 1905 წელს მიეცა, თუმცა მისი საფუძველი 1861 წლიდან იღებს სათავეს.

კლუბის სახელი პირდაპირ არის დაკავშირებული სერ ჯოსეფ პაქსტონის მიერ აშენებულ "შუშის სასახლესთან", რომელიც ლონდონის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. 1850-1936 წლებში, აქ ტარდებოდა ფართომასშტაბიანი გამოფენები (ნახატები, სკულპტურები, ავტომობილები და სხვ.), უკრავდა ორკესტრი, ტარდებოდა სხვადასხვა ტიპის ცერემონიალები - ერთი სიტყვით, "შუშის სასახლე" ლონდონის კულტურული ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო, თუმცა 1936 წელს, იგი ხანძარმა გაანადგურა. უინსტონ ჩერჩილის შეფასებით, ეს "ეპოქის დასასრულს" ნიშნავდა.


არსებობს თეორია, რომ "კრისტალ პალასის" პირველი ფეხბურთელები იყვნენ ადამიანები, რომლებიც "შუშის სასახლეში" მებაღეებად მუშაობდნენ. არსებობს მეორე თეორიაც, რომლის თანახმადაც, გუნდი ლონდონის შემოგარენში (პენჯი, საიდენჰემი, ნორვუდი) დასახლებული ბიჭების კრებული გახლდათ.


"კრისტალ პალასის" სამოყვარულო გუნდს 1861 წელს, "შუშის სასახლის" საგამოფენო სივრცეში ჩაეყარა საფუძველი. მიიჩნევენ, რომ "კრისტალ პალასი" მსოფლიოში ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბია, რაც ინგლისში დავის საგანს წარმოადგენს - ამ წოდებაზე პრეტენზიას არაერთი კლუბი გამოთქვამს.

chrystal-palace

რას ნიშნავს ჰოთსპური

ჰოთსპური | არქაული ფორმით - მოუთმენელი, დაუფიქრებლად მოქმედი ადამიანი. შუა საუკუნეებში, მან მხატვრული აღწერილობა მიიღო - ადამიანი, რომლის დეზები (spur) დაუფიქრებელი ან მუდმივი გადაადგილების გამო გაცხელებულია (hot). ასევე, Hotspur შუა საუკუნეების რაინდის, სერ ჰენრი პერსის მეტსახელიც ("ჰარი ჰოთსპური") გახლდათ, რომელმაც ასწლიან ომში თავი სისხარტითა და გამბედაობით გამოიჩინა. სერ ჰენრი პერსი ინგლისის ისტორიაში იმდენად ცნობილი ფიგურაა, რომ უილიამ შექსპირმა იგი "ჰენრი IV-ის" ერთ-ერთ მონაწილედ აქცია.

ლონდონის "ტოტენჰემის" ისტორიაში წერია, რომ სერ ჰენრი პერსის გავლენა, კლუბის დასახელების ფორმირებაზე, პირდაპირია. ბობი ბაკლისა და მისი 10 კლასელის ინიციატივით, 1882 წელს, გუნდს "საფეხბურთო კლუბი ჰოთსპური" დაერქვა. ეს ბიჭები "ჰოთსპურის" კრიკეტის გუნდში უკვე თამაშობდნენ, თუმცა სპორტით დაკავება ზამთრის პერიოდშიც სურდათ - საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.

2 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ ლონდონში, კერძოდ კი ტოტენჰემში შექმნილ გუნდს "საფეხბურთო კლუბი ტოტენჰემ ჰოთსპური" დაერქვა. მიზეზი გახლდათ ის, რომ ლონდონში, "ჰოთსპურით" ინსპირირებული უკვე არაერთი კლუბი არსებობდა, სახელების აღრევა კი არ უნდა მომხდარიყო.

Tottenham_Hotspur_team_in_1885

რას ნიშნავს იუნაიდეტი?

იუნაიტედი | ზედსართავი სიტყვაა და ნიშნავს "გაერთიანებულს" - შეიძლება მიესადაგოს რაიმე იდეითა თუ ემოციით გაერთიანებულ ადამიანთა კრებულს.

მაშინ, როდესაც ვიქტორიანული ეპოქა (1837-1901) დასასრულს უახლოვდებოდა, ინგლისში ახალი საფეხბურთო კლუბების დაარსება გავრცელებული ამბავი იყო. ვალებისთვის თავის არიდების მიზნით, კლუბები ერთ ღამეში იშლებოდნენ და თავიდან იქმნებოდნენ - ხშირ შემთხვევაში, ისინი სხვა გუნდს უერთდებოდნენ და შესაბამისად, ახალი გაერთიანება, "იუნაიტედი" ყალიბდებოდა. "შეფილდის", "ნიუკასლისა" და სხვა კლუბების წარსულის შესახებ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველს "მანჩესტერ იუნატედზე" მეტის გაგება უფრო დააინტერესებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ჩანასახი 1878 წელს,"ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის კომპანიის" თანამშრომლების თანამშრომლებმა შექმნეს - ქალაქ მანჩესტერის ცენტრიდან 5 კილომეტრში, დეპოზე დასაქმებულებმა საფეხბურთო კლუბი "ნიუტონ ჰიტი" დააარსეს.

Downloader.la-631765178170b

1890 წელს, "ნიუტონ ჰიტს" "ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის" სოციალური კომიტეტისგან დაფინანსება შეუწყდა, რასაც პირველი დივიზიონიდან დაქვეითება, ტესტ-მატჩში "ლივერპულთან" ანგარიშით 2:0 დამარცხება და გულშემატკივარისგან ყურადღების მოკლება მოჰყვა.

"ნიუტონ ჰიტის" მოთამაშეების ანაზღაურება საშინაო მატჩებიდან მიღებულ შემოსავალზე იყო დამოკიდებული, რასაც კლუბის ხარჯებიც აკლდებოდა. გამოსავალი კი ალტერნატიულ წყაროებში უნდა მონახულიყო.

კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ მოიფიქრა: ქალაქში გამოჩნდა რეკლამა, "მოუსმინეთ იადონი მაიკლის სიმღერას". მატჩზე დასწრების მსურველები ბილეთში უფრო მეტს იხდიდნენ, თუმცა მაიკლი ვერ მღეროდა, იგი იადონიც კი არ ყოფილა. რეალურად, მაიკლი იყო ბატი, რომელიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, "ნიუტონ ჰიტს" ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა. საშობაოდ, მაიკლი გაუჩინარდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

1902 წელს, "ნიუტონ ჰიტის" ვალი £2,670-ს შეადგენდა და გაბანკროტების ზღვარზე იყო. 24 აპრილს, ხელმძღვანელობა კრიზისის განსახილველად შეიკრიბა, სადაც გუნდის კაპიტანმა და მარჯვენა მცველმა, ჰარი სტეფორდმა ასეთი რამ თქვა: "მე ვიცნობ ბიზნესმენებს, რომლებიც ინვესტიციის ჩასადებად მზად არიან!"

"ნიუტონ ჰიტის" ახალმა ინვესტორებმა კლუბის შეძენისა და ვალების გასტუმრების სურვილი გამოთქვეს, თუმცა მათ სახელის ცვლილებაც მოისურვეს. იმ პერიოდში, "ნეიბორინგ არდვიქს" სახელი უკვე გადარქმეული ჰქონდა და მას "მანჩესტერ სიტი" ეწოდებოდა, ახალი მფლობელები კი იაზრებდნენ, რომ კლუბს სჭირდებოდა სახელი, რომელიც დიდ ქალაქთან ასოციაციას გააჩენდა.

"მანჩესტერ ცენტრალი" მალევე დაიბლოკა, რადგან იგი სადგურის ასოციაციას აჩენდა. იყო "მანჩესტერ სელტიკისა" და "მანჩესტერ ნიუტონი ჰიტის" იდეებიც, თუმცა ლუის როკამ, რომელსაც კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, "იუნაიტედის" იდეა წამოაყენა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ლუის როკა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სკაუტი გახლდათ და იგი კლუბში 48 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი მიიჩნევდა, რომ ფინანსური სირთულეების დაძლევის ფონზე, "იუნაიტედი" კლუბს დამაჯერებლობას შესძენდა და როგორც აღმოჩნდა, არც ცდებოდა.

Man.utd_1905-06_dailygraph

სხვა სტატიები