Belive

პოჩეტინო: საუკეთესო ვარიანტი ჩელსისთვის

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ტოტენჰემთან" ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო "ნისლიან ალბიონს" მწვრთნელის რანგში პირველად უბრუნდება.

მცირე მიმოხილვით დავიწყოთ: მიმდინარე სეზონში, "ჩელსიმ" ოთხი (!!!) მწვრთნელი გამოიცვალა. სტარტზევე, სრულიად მოულოდნელად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ტომას ტუხელმა დატოვა. იგი გრაჰამ პოტერმა ჩაანაცვლა, რომელსაც ზურგს "ბრაიტონის" შესანიშნავი გამოცდილება უმაგრებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა "არისტოკრატებში" ვერ გაამართლა.

ბრუნო სალტორმა გუნდი მოედანზე მწვრთნელის რანგში მხოლოდ ერთხელ გაიყვანა, რასაც ფრენკ ლამპარდის სრული ფიაკო მოჰყვა. შედეგად, გუნდმა, რომელმაც სეზონის დასაწყისიდან დღემდე განხორციელებულ ტრანსფერებში €611 მილიონი (!!!!) დახარჯა, პრემიერ ლიგაში მე-12 ადგილს დასჯერდა.

სეზონის არადამაკმაყოფილად დასრულების შემდეგ, გუნდის სპორტულ დირექტორებს - პოლ უინსტენლისა და ლორენს სტიუარტს, ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა დაევალათ, მათ კი არჩევანი არგენტინელ სპეციალისტზე შეაჩერეს.

იდეალური კანდიდატი

შესაძლოა, დროს წინ ვუსწრებთ, მაგრამ ვარაუდის გამოთქმის უფლებით ვისარგებლებთ და ვიტყვით, რომ პოჩეტინო "ჩელსისთვის" იდეალური კანდიატია.

მისი რეპუტაცია "პარი სენ-ჟერმენში" ნაჩვენებმა შედეგებმა მნიშვენლოვნად შეარყია. სუპერვარსკვლავებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, გულშემატკივარის სიყვარული ვერ მოიპოვა - ამან თითქოს დაგვავიწყა, თუ რა პროგრესი გაიარა "ტოტენჰემმა" მის ხელშ, როგორი ემოციებით გამოემშვიდობა გუნდი მას. ასევე დაგვავიწყდა ისიც, რომ პოჩეტინომ "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ფაქტობრივად, ტრანსფერის გარეშე გაიყვანა.

შედეგად, ვერ ვიტყვით, რომ ტოპ გუნდში ტოპ მწვრთნელი მოდის. ორივე მათგანს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი - "ჩელსის" ამჟამინდელმა შემადგენლობამ უნდა აჩვენოს, რომ კოლოსალური მოცულობის თანხა ფუჭად არ დახარჯულა, პოჩეტინომ კი ის რეპუტაცია უნდა აღიდგინოს, რომელსაც იგი "ტოტენჰემის" ხელმძღვანელის პოსტზე ატარებდა.

პოჩეტინო იდეალური ვარიანტია იმიტომაც, რომ მას შესანიშნავად გამოსდის ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთიერთობა - "ჩელსის" მრავამილიონიანი ტრანსფერები კი ძირითადად ახალი გუნდის მშენებლობას ითვალისწინებს. ამასთან, The Telegraph-ის თანახმად, მოთამაშეები მის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას კარგად შეხვდნენ, Goal.com კი ირწმუნება, რომ პოჩეტინოს გუნდში მოსვლით გულშემატკივარარიც კმაყოფილია.

ერთი სიტყვით, პრემიერ ლიგა სულ ახლახან დასრულდა, თუმცა მომავალ სეზონზე უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ. გუნდში ბალანსის საპოვნელად არგენტინელს დიდი დრო აქვს და სავარაუდოდ, მომავალ სეზონში, გაცილებით უფრო ძლიერ და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ "ჩელსის" ვიხილავთ.

სხვა სტატიები