Belive

უცნობი ისტორია გიორგი ქვილითაიაზე - რატომ ვერ ითამაშა მან ბუნდესლიგაში?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. საუბრისას, ლაშა ოდილაძემ ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ ისაუბრა და მასზე ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა გერმანულ კლუბში გადასვლა შეეძლო.
"გიორგის ჰქონდა შანსი, რომ „ანორთოსისამდე“ გერმანიაში წასულიყო. „გენტიდან“ წამოსვლა რომ გადაწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის „ბოხუმი“ იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა. თუმცა იმ პერიოდში „გენტმა“ პრობლემები შეუქმნა, თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდნენ და ფსიქოლოგიურად ისე იყო, ისევ უცხო გარემოში წასვლას, თემურ ქეცბაიასთან მუშაობა ამჯობინა, რომელიც იცნობდა და ენდობოდა. ეს გუნდი შემდეგ ბუნდესლიგაში გადავიდა და გიორგის ჰქონდა შანსი, ამ გუნდთან ერთად ამ პრესტიჟულ ლიგაში ეთამაშა. მთავარია, რომ „გენტს“ თავი დააღწია, სადაც ქვილითაიას ცუდად მოექცნენ და შანსს არ აძლევდნენ. ბელგიაში მოტეხილი ფეხით ჩავიდა და მოედანზე დაბრუნებისთანავე გაიტანა, მაგრამ შემდეგ სეზონში თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს, რასაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებით აკეთებდნენ. გიორგიზე ძვირი ღირდა კანადელი ჯონათან დავიდის და უკრაინელი რომან იარემუჩუკის ტრანსფერები და აქცენტი მათზე გააკეთეს, უფრო კარგ ფასში რომ გაეყიდათ. ქვილითაია „გენტში“ ამ გათვლებს შეეწირა და შანსი არ მისცეს", - თქვა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
28 წლის ქართველი ფორვარდი 2021 წლის ივლისში კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, "აპოელის" ფეხბურთელი გახდა და მას შემდეგ, ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები