Belive

ბუდუ ზივზივაძე მაკედონიელ თანაგუნდელებზე: "თამაში ორივეს მაღალ დონეზე შეუძლია, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 2020 წლის ზაფხულში უნგრული "მეზოკოვეშდიდან" ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "მოლ ფეჰერვარში" (ყოფილი ვიდეოტონი) გადაბარგდა და გოლების გატანას ახალი გუნდის მაისურითაც ახერხებს. ზივზივაძეს ახალ გუნდში ორი ჩრდილოეთ მაკედონიელი თანაგუნდელი ვისარ მუსლი და ბობან ნიკოლოვი ჰყავს. 26 წლის ქართველ ფორვარდს უნგრეთში დავუკავშირდით და მოახლოებული, ისტორიული შეხვედრის წინ, რომელიც 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის ეგიდით უნდა გაიმართოს, ჩვენი მეტოქე თანაგუნდელების შეფასება და მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი ვთხოვეთ. "ვფიქრობ, მუსლი საკმაოდ კარგი და ძლიერი მცველია ფიზიკურად და თამაშის წაკითხვაც კარგად შეუძლია, თუმცა ჩემი აზრით, სისწრაფე აკლია. რაც შეეხება ნიკოლოვს, ჭკვიანი ნახევარმცველია, მაგრამ ხშირად ნელა მოქმედებს და შეტევებს ანელებს, ასევე ვფიქრობ, რომ ფიზიკურად ვერ არის კარგ კონდიციებში. ორივე მათგანს ძალიან კარგად შეუძლია ფეხბურთის თამაში თუ ამის საშუალებას მივცემთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ თამაში ჩვენ გავაკონტროლოთ", - თქვა Live.ge-სთან ზივზივაძემ. ამ სეზონში "სამტრედიას", "დინამო თბილისის", ქუთაისის "ტორპედოს" და დანიური "ესბიერგის" ყოფილი ფეხბურთელის აქტივში 12 მატჩში გატანილი 4გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები