Belive

ბობი ფირმინო: ლივერპულის ნამდვილი ლეგენდა

11 თვის წინ ფეხბურთი
6 წთ

რობერტო, იგივე ბობი ფირმინო, შაბათს "ენფილდზე" თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს. ამ ამბავს ჩუმად გვერდს ვერ ავუვლიდით - უყვართ მერსისაიდზე და მის გარეთ, გასახსენებელი და სასაუბრო კი ბევრია.

კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. უდიდესი ალბათობით, "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში, კლოპის 11-ეულში მინიმუმ რამდენიმე წუთს გაატარებს, შემდეგ კი აგუგუნებულ "ენფილდსა" და ცრემლიან, თან მომღიმარ ბრაზილიელს ვიხილავთ.

361 მატჩი, 109 გოლი და 72 საგოლე გადაცემა - ფირმინო "ლივერპულის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შენაძენია. ფეხბურთელი, რომელმაც 9-ნომრიანი მაისურით არაბრიტანული, სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა.

ინტერვიუებს იშვიათად იძლეოდა, ინგლისური ენა მარტივად ვერ აითვისა, თუმცა მისი ხასიათისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, თანაგუნდელებისა და გულშემატკივარის სიყვარული მალევე დაიმსახურა. რამდენჯერმე გოლი ისე გაიტანა, რომ კარისკენ არც გაუხედავს, გოლის აღნიშვნისას ხან თვალზე ხელს იფარებდა, ხან კი კუნგ-ფუს ილეთებს აკეთებდა. პუბლიკას ასეთი რამ არასოდეს ავიწყდება.

გუნდში ბრენდან როჯერსის პერიოდში მოვიდა, შემდეგ კი იურგენ კლოპის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა. საჯაროდ, გერმანელს ამაზე არ უსაუბრია, მაგრამ მისი მეტყველი, ექსპრესიული სახე ყველაფერს ამბობს.

როგორც იმ ფილმშია, Eyes Chico, they never lie.


სწორად დახარჯული £29 მილიონი

 2014-15 წლების სეზონი "ლივერპულისთვის" სრული ფიასკოთი დასრულდა. გუნდის იმდროინდელი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი, შედეგიან ცენტრ-ფორვარდს ითხოვდა. მისი აზრით, "ასტონ ვილაში" მოთამაშე კრისტიან ბენტეკე "ლივერპულის" ხასიათს იდეალურად მოერგებოდა, თუმცა გუნდის მთავარი სკაუტი, ბარი ჰანტერი და მომავალი სპორტული დირექტორი, მაიკლ ედვარდსი, დაჟინებით ამბობდნენ, რომ მერსისაიდზე ბრაზილიელ ფორვარდს უნდა ეთამაშა.

საბოლოოდ, "ლივერპულმა" ორივე მათგანი შეიძინა და ყველა კმაყოფილი დარჩა. თუმცა დრომ აჩვენა, თუ რომელი მხარის პროგნოზი იყო მართალი.

აღზევება კლოპის ეპოქაში

ყველაფერი იდეალურად არ დაწყებულა. 9 ნომრის პოზიცია კრისტიან ბენტეკემ ჩაიბარა, ფირმინო კი სკამზე იჯდა. როდესაც მოედანზე შემოდიოდა, ხან განაპირა შემტევის პოზიციას იკავებდა, ხანაც 10 ნომრის ფუნქციებს ასრულებდა.

2015/16 წლების სეზონის სტარტიდან მალევე, ოქტომბერში, "ლივერპულმა" როჯერსი დაითხოვა, გუნდი კი ამბიციურმა და ენერგიულმა, "დორტმუნდის" პროგრესის სულისჩამდგმელმა იურგენ კლოპმა ჩაიბარა. მისმა მოსვლამ ყველაფერი შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის პირველივე მატჩში ფირმინომ ტრავმა მიიღო, იგი მოედანს მალევე დაუბრუნდა და 9 ნომრის პოზიცია დაიკავა. ბრაზილიელი შემტევი ბენტეკეს სტილის ფორვარდი არასოდეს ყოფილა, რომელიც ფიზიკური ძალითა და მეორე სართულზე ორთაბრძოლებით გამოირჩეოდა. თუმცა ფირმინოს სწორედ ის გამოარჩევდა, რაც ბელგიელს არ ჰქონდა: ბურთის კონტროლი, მოედანზე უფრო გონივრული და ტაქტიკურად საჭირო მოძრაობა, რაც მის თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებდა.

დიდი სამეული

ყველა კარგ დირიჟორს თავისი შესაბამისი ორკესტრი სჭირდება. ფირმინომ პირველ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა და სულ რაღაც 11 გოლი გაიტანა, მაგრამ თანდათან, მის ირგვლივ სხვა დონის ფეხბურთელებმა დაიწყეს თამაში, რამაც ბრაზილიელის პოტენციალს მეტი გასაქანი მისცა.

თავდაპირველად, გუნდში სადიო მანე მივიდა. სენეგალელმა "ლივერპულს" დინამიზმი, სისწრაფე, ფლანგის გააქტიურება, უფრო მწვავე გეგენპრესინგის შესაძლებლობა მისცა, რაც დაუფასდა კიდეც - მანე გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შემდეგ, "ლივერპულს" ჯეკპოტი დაეცა: £37 მილიონად შეძენილმა მო სალაჰმა მრისხანე ტრიო შეკრა - 91 გატანილი გოლი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. განსაკუთრებული იყო მატჩი "რომას" წინააღმდეგ, "ენფილდზე", სადაც თავდასხმის ხაზმა წიგნებში შესატანი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მომდევნო წელს, "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ტრიომ კი 69 გოლი გაიტანა.

ყველაფერს თავისი დასასრული აქვს - სადიო მანეს "ბაიერნში" გადაბარგებამ ისტორიას თავისი წერტილი დაუსვა. 5 სეზონში, მანე-სალაჰი-ფირმინოს ტრიომ 338 გოლი გაიტანა და "ლივერპულის" ქომაგს დაუვიწყარი წლები უსახსოვრა.

კარგი დრო წასასვლელად

ფირმინოს წასვლის შესახებ ცნობები მარტის დასაწყისში გავრცელდა. კლოპს არ დაუმალავს, რომ ბრაზილიელის გადაწყვეტილებით გაკვირვებული იყო. გამოცდილ სპეციალისტს სურდა, რომ ბობის "ენფილდზე" კიდევ 1 წლის განმავლობაში ეთამაშა. თუმცა არის მიზეზები, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფირმინოს წასვლა დროულია.

ოქტომბერში, 32 წლის შესრულდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ძირითად შემადგენლობაში უფრო და უფრო იშვიათად ხვდება (17-17). 2022 წლის ინგლისის ლიგის თასის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, FA თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

თამაშზე გავლენის მოხდენა დღესაც შეუძლია, თუმცა არა ისეთივე შედეგიანობით. პარალელურად, წინა ხაზში უდიდესი კონკურენციაა: სალაჰი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, იქვე არიან ახალგაზრდა მოთამაშეები - დიეგო ჟოტა, ლუის დიასი, დარვინ ნუნიესი და კოდი გაკპო. ეს "ლივერპულის" ახალი ეპოქაა, რომელმაც თავისი სათქმელი, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში უნდა თქვას.

ერთი სიტყვით, ფირმინო "ლივერპულის" ნამდვილი ლეგენდაა. ადამიანი, რომელსაც "ენფილდის" პუბლიკა ბოლო მატჩში თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უმღეროდა. ადამიანი, რომელიც "ლივერპულის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის საკვანძო მოთამაშე იყო.

სხვა სტატიები