Belive

ბილეთების რიგში საკითხავი

2 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ალბათ, თქვენც ბილეთების რიგში ხართ და ეს არაა გასაკვირი. 26 მარტს, საქართველო ისტორიულ მატჩს მასპინძლობს და ქვეყანა საყოველთაო ზეიმისთვის ემზადება. უკვე მეორედ მოგვეცა შანსი, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა-არგასვლის საკითხი საკუთარ მოედანზე გადავწყვიტოთ. პანდემიის რეგულაციებმა ჩაიარა და გულშემატკივარი დარაზმულია - ცხადია, სტადიონი სავსე იქნება, რასაც ბილეთების შეძენის ელექტრონულ ვებგვერდზე ასახული უზარმაზარი რიგიც მოწმობს.

გასაკვირია ის, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი, ორი მოწყობილობით (მაგალითად, სმარტფონი, ლეპტოპი, პლანშეტი), შევიდეს tkt.ge-ზე და ერთი მათგანი რიგში 3500-ე, მეორე კი 95,000-ე იყოს? “ბარსელონა” Vs. “სევილიას” მატჩის შემდეგ, tkt.ge მსგავსი სიურპრიზებით ხშირად გვაოცებს და იმისი შეგრძნება, რომ რიგში ყოფნისა და ბილეთების შეძენის პროცესი სამართლიანია, არასოდეს გაქვს.

გულშემატკივარი მაინც კარგ ხასიათზეა. საქართველოს ფინალში გასვლის საკითხზე ბევრი ორჭოფობდა - ლუქსემბურგმა წინა შესარჩევში 17 ქულა დააგროვა და უდავოა, რომ უკანასკნელ წლებში ჯუჯა სახელმწიფოს ეროვნულმა ნაკრებმა უდიდესი პროგრესი გაიარა. ამის მიუხედავად, გამართლდა ოპტიმისტების პროგნოზი და ბუდუ ზივზივაძის დუბლით ფინალურ ეტაპზე გადავინაცვლეთ, სადაც საბერძნეთს დავუპირისპირდებით.

ბოლოს როდის გაიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდმა ოფიციალურ მატჩში ორი გოლი?  ვვარაუდობდი, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ასეცაა: 2015 წელს, გიბრალტარის ნაკრებთან მოგებულ მატჩში (4:0), დუბლის შესრულება მათე ვაწაძემ შეძლო. დიდი წყვეტა იყო გიბრალტარამდეც - 2006 წლის აგვისტოში, ფარერების ნაკრები გასვლით მატჩში გავანადგურეთ (0:6), შოთა არველაძემ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

შოთა არველაძის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ცენტრფორვარდის პოზიცია ჩვენი ნაკრებისთვის მუდმივ პრობლემად რჩებოდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთ კარგ ვითარებაში პირველად ვართ - საბერძნეთთან შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობას ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება, სანიოლი ტაქტიკურ მონახაზს არ ცვლის და პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, მტკივნეული გადაწყვეტილება მაქვს მისაღებიო - ეს იმას ნიშნავს, რომ სათადარიგოთა სკამზე ზივზივაძე ან მიქაუტაძე გადაინაცვლებენ. ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოიგებს თამაშს, ამიტომაც, წინა ხაზში არსებული კონკურენცია უდავოდ სასიხარულოა.

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ ფინალს გაცილებით უკეთესი შემადგენლობით ვხვდებით, ვიდრე 2020-ში. იმისი თქმაც შეიძლება, რომ საბერძნეთიც უკეთესი გუნდია, ვიდრე ჩრდ. მაკედონია, თუმცა საქართველოს ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა მხოლოდ იმედისმომცემი არაა - ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკა, მათი შედეგები და ის ჩემპიონატები, სადაც მათ ასპარეზობა უწევთ, სულ სხვა იმედს ბადებს.

მთავარია, სტადიონის წნეხს შეჩვეული ბერძნები ჩვენი ატმოსფეროთი შევაწუხოთ და წინ დიდი გამარჯვება გველოდება,

შევხვდებით გერმანიაში.

სხვა სტატიები