ბელგიის U21 ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს გამარჯვება კვარაცხელიას და მიქაუტაძის გარეშეც შეუძლია"
უეფას ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯეკი მატეისენმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"რეალურად არაფერი იცვლება სათამაშო სქემაში, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია ბელგიის ეროვნული ნაკრებიდან.
ტურნირის წინ, ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდი, კარგად ორგანიზებული და გამართული ფეხბურთელების ჯგუფი იყო, რომელსაც ადგილობრივი გულშემატკივარი ეყოლებოდა და შესაბამისად, პორტუგალიასთან დაფიქსირებული შედეგი ჩემთვის გასაკვირი და სენსაცია არ იყო. ამ მატჩში ჩემი ყურადღება საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა კუტალაძის თამაშმა მიიქცია, რომელმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა.
მე ვნახე 2 დღის წინ, რომ საქართველოს ნაკრებს ისეთი ტოპ ფეხბურთელების, როგორიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არიან, გამარჯვებისთვის მათი შემადგენლობაში ყოლა არ სჭირდება, მათ ეს დაამტკიცეს. ვფიქრობ, საქართველო გუნდურად ძლიერია.
ჩვენ უფრო მეტად კონცენტრირებულები ვართ საკუთარ თავზე და არა მეტოქეებზე, თუმცა გავიმეორებ, რომ ფანტასტიკურ მეტოქეს ვუპირისპირდებით და ამ ჯგუფში წარმატების მისაღწევად საუკეთესო შედეგების დაფიქსირება გვჭირდება", - თქვა მატეისენმა.
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა A ჯგუფის ეგიდით 24 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.