Belive

ბელგიასთან გამარჯვების შემდეგ, მაროკოელმა ფანებმა ბრიუსელში არეულობა მოაწყვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გუშინ მაროკოს ნაკრებმა, ყველასაგან მოულოდნელად, ბელგიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სამი ქულა მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ბრიუსელის ქუჩებში ადგილობრივი მაროკოელები გამოვიდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. რამდენიმე საათში ეს ზეიმი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Fox Sports-ის ცნობით, ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა 11 ადამიანი დააკავეს. ბრიუსელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ათობით ადამიანი პოლიციასთან დაპირისპირებას ცდილობდა, რამაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვია.

როგორც გაირკვა, ზოგიერთი ბოროტმოქმედი ხელკეტითაც იყო შეიარაღებული. აღსანიშნავია, რომ ამ შეტაკების დროს ერთ-ერთი ჟურნალისტიც დაშავდა.

გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს ვანდალები როგორ ამსხვრევენ მანქანებს და ქუჩაში ყველაფერს აზიანებენ.

ადგილზე ასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული და სიტუაცია 7 საათისთვის უკვე კონტროლს ექვემდებარებოდა.

ეს არეულობა მხოლოდ ბრიუსელით არ შემოიფარგლა. ქალაქ ლიეჟში 50 კაციანი დაჯგუფება პოლიციის განყოფილებას თავს დაესხა, ჩაამტვრია მინები და პოლიციის მანქანები დააზიანა. ბოროტმოქმედების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

გარდა ამისა, ქალაქ ანტვერპენშიც დააკავეს ათეულობით ადამიანი.

არეულობა იყო ნიდერლანდებშიც, სადაც მაროკოელი გულშემატკივარი გამარჯვებას ზეიმობდა. არეულობა იყო ქალაქ როტერდამში, ამსტერდამსა და უტრეხტში.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრებს შემდეგი შეხვედრა პირველ დეკემბერს, კანადის წინააღმდეგ ელის. ამ მატჩის გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში აფრიკელები ჯგუფურ ეტაპს დაძლევენ და 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

სხვა სტატიები