Belive

ბარსელონამ მთავარი სატრანსფერო სამიზნე განსაზღვრა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ სამიზნედ, კატალონიურმა გრანდმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი განსაზღვრა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული და ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Liverpool Echo აღნიშნავს, რომ ესპანურ გრანდს "შემადგენლობის სრულყოფის" მიზნით, "ლივერპულის" განაპირა მცველის დამატება სურს. "ბლაუგრანა" მზადაა ტრენტის სანაცვლოდ £67 მილიონი გადაიხადოს. თუ გავითვალისწინებთ, სატრანსფერო ბაზარზე არსებულ ვითარებას და ალექსანდრ-არნოლდის ავტორიტეტს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერსისაიდული გრანდი აღნიშნულ შეთავაზებას დასთანხმდეს. 23 წლის ტრენტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა და "ლივერპული" მას £67 მილიონის სანაცვლოდ არ დათმობს. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ტრენტს "ლივერპულთან" კიდევ 3 წელი აკავშირებს. აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, "ლივერპულის" შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და იურგენ კლოპის ფორმაციაში ფესვები მყარად გაიდგა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ალექსანდრ-არნოლდმა პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები მოიპოვა. "ბლაუგრანას" მესვეურები სწორედ ასეთი სუპერვარსკვლავის შეძენას გეგმავენ და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისელი ფლანგის მცველი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

"ლივერპულსა" და "ბარსელონას" მდიდარი სატრანსფერო წარსული აკავშირებთ. სხვადასხვა დროს, მერსისაიდელებმა "ბლაუგრანას" წამყვანი მოთამაშეები მიჰყიდეს. ნისლიანი "ენფილდიდან" მზიან "კამპ ნოუზე" ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები გადაბარგდნენ, როგორიცაა: ლუის სუარესი, ხავიერ მასკერანო და ფილიპე კოუტინიო. მერსისაიდული გრანდის ძირითად გუნდში ალექსანდრ-არნოლდის დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ, ტრენტმა 227 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები