Belive

ბარკოლამ გაამჟღავნა, თუ რამ გააოცა ყველაზე მეტად პრემიერ ლიგაში

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრედლი ბარკოლამ ლივერპულში გადასვლის შემდეგ, პრემიერ ლიგასა და ლიგა 1-ს შორის ტაქტიკურ და ფიზიკურ განსხვავებებზე ისაუბრა. ფრანგი თავდამსხმელის თქმით, ინგლისური ფეხბურთის მაღალი ტემპი მისთვის იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, რომ პირველი მატჩების შემდეგ, კუნთის ტკივილებიც კი დაეწყო.

ახალ ქვეყანაში გადასვლა და სრულიად განსხვავებულ სათამაშო პირობებთან შეგუება ფეხბურთელისთვის არასდროსაა ადვილი და ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბარკოლა, მერსისაიდში გატარებულ პირველ თვეებში, ცდილობს, ახალ გარემოს მოერგოს და გუნდის შეტევით ხაზში, ძირითადი თერთმეტეულის შეუცვლელი წევრი გახდეს.

ფრანგმა გარემარბმა ინგლისში გატარებულ პირველ პერიოდზე "Sky Sports"-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ ლიგასა და ლიგა 1-ს შორის, მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომლებიც მატჩის მიმდინარეობასა და სათამაშო სტილში ვლინდება.

ლიგა 1-სა და პრემიერ ლიგას შორის მთავარი განსხვავება? საფრანგეთის ჩემპიონატში გარკვეულწილად, ფიზიკური ფეხბურთია უფრო წამყვანი. ლიგა 1-ში ძალიან ბევრი ფიზიკურად ძლიერი და მძლავრი მოთამაშეა. აქ კი მთავარია, რაც შეიძლება მეტი ირბინო.

აქ ტაქტიკურ ასპექტს ნაკლები ყურადღება ექცევა. ძალიან ბევრი სირბილი გიწევს. სწორედ ამიტომ, პირველ რამდენიმე მატჩში კუნთების კრუნჩხვები დამეწყო. ინტენსივობა მართლაც ძალიან მაღალია. მაგრამ მე სწორედ ამიტომ მოვედი აქ. ეს ახალი გამოწვევაა. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს მარტივად შევეგუები. - ბრედლი ბარკოლა .

ბარკოლა კვლავ ცდილობს, ლივერპულის სათამაშო სისტემას მოერგოს. მერსისაიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ პირველ შეხვედრებში, პსჟ-ს ყოფილ შემტევს ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად, 23 წლის ფეხბურთელი, თავისი გუნდისთვის, შედეგიანი არ არის, ფრანგი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. ბარკოლა ინგლისური ფეხბურთის მაღალ მოთხოვნებს გამოწვევად აღიქვამს და მიაჩნია, რომ მუდმივად მაღალი სათამაშო ტემპი, პროგრესისთვის აუცილებელი პირობაა.

სხვა სტატიები