ბალდინი, სუპერკონცენტრაციისა და სრულყოფილი ტექნიკისთვის მოთამაშეებს თვალდახუჭული ავარჯიშებს
სილვიო ბალდინის რევოლუცია იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სუპერკონცენტრაციისა და სრულყოფილი ტექნიკისთვის მოთამაშეებს თვალდახუჭული ავარჯიშებს.
აღნიშნულმა მეთოდმა ინოვაციურობისა და ეფექტურობის გამო მაშინვე მიიპყრო იტალიური მედიის ყურადღება და განხილვის საგანი გახდა.
ბალდინი, სანამ იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში დაინიშნებოდა პესკარას წვრთნიდა და იგივე მეთოდს იყენებდა, სერია B-ს გუნდის ნახევარმცველმა ანტონინო დე მარკომ Rete 8-სთან თვალდახუჭული ვარჯიშის პლიუსებზე ისაუბრა:
ამ ვარჯიშის მანერით, ბალდინი ჩვენს გონებაში შემოვიდა, ჩვენ ვუსმენდით მას და ვასრულებდით მის ინსტრუქციებს. ამ მწვრთნელთან ერთად ჩვენ ბევრს და ინტენსიურად ვმუშაობდით, ასევე ვიყენებდით ინოვაციებს, როგორიცაა საცურაო აუზები და სხვა ახალი სავარჯიშო მეთოდები. ყველანი თვალდახუჭულები ვვარჯიშობდით, ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მწვრთნელმა გვითხრა, რომ ეს ვიზუალურად გვეხმარებოდა, რადგან როდესაც ბურთს იღებ, უფრო მეტად ხარ ორიენტირებული კონტროლზე და ტექნიკურად უმჯობესდები. - ანტონინო დე მარკო - პესკარას ფეხბურთელი
Silvio Baldini e gli strani allenamenti dell'Under 21: giocatori bendati e con un braccio bloccato https://t.co/cltKDFheqT
— Corriere della Sera (@Corriere) October 8, 2025
მედიის ცნობით, მწვრთნელი ბალდინის მიერ გამოყენებული ეს მეთოდი ეხმარება მოთამაშეებს ბურთისა და მოედნის კონტროლზე მეტად კონცენტრირებაში. მიზანი აღქმის გაუმჯობესება და დაღლილობის მართვაა.
შეგახსენებთ, რომ სილვიო ბალდინის ხელმძღვანელობით, გასულ წელს, პესკარამ სერია C-დან სერია B-ში ასვლა მოახერხა, ამის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში დაინიშნა.