Belive

ბაჩანა არაბული კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი თავდამსხმელი, ბაჩანა არაბული კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი "მაკარტურის" შემადგენლობაში ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

28 წლის თავდამსხმელი, რომელსაც "დინამო თბილისის", "სამტრედიას", "საბურთალოს", გორის "დილას", "ცხინვალის", ესპანური "ალკორკონის", უნგრული "ბალმაზუივაროშისა" და "პუშკაშის აკადემიის", ასევე ბერძნული "პანიონიოსის" რიგებში უთამაშია, ბოლოს საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი "ლამიას" შემადგენლობაში გამოდიოდა.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, არაბულის აქტივში 208 მატჩში გატანილი 62 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა, ხოლო საქართველოს ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

ავსტრალიის ჩემპიონატში არაბული მესამე ქართველია, მის გარდა, "ნიუკასლ ჯეთსის" შემადგენლობაში ბექა მიქელთაძე და ბექა დარცმელია გამოდიან.

ავსტრალიის ჩემპიონატი 7 ოქტომბერს დაიწყება, არაბულის გუნდი კი პირველ მატჩს "ბრისბეინ როურის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები