ასტონ ვილამ რაფაელ ლეაუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო
„ასტონ ვილა“ რაფაელ ლეაუს შეძენის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად იქცა. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბირმინგემულმა კლუბმა „მილანთან“ კონტაქტი უკვე დაამყარა, მხარეებს შორის ტრანსფერის ღირებულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ლეაუს მიმართ „ვილას“ ინტერესი ახალი არ არის, თუმცა აქამდე საქმე მხოლოდ ინტერესის დონეზე რჩებოდა და ინგლისურ კლუბს „მილანისთვის“ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს. ახლა კი ვითარება შეიცვალა და მოლაპარაკებები უკვე უშუალოდ კლუბებს შორის მიმდინარეობს, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ლეაუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა ითამაშა.
თავარი საკითხი ახლა სატრანსფერო თანხაა. „მილანი“ ლეაუს დაახლოებით 60 მილიონ ევროდ აფასებდა, თუმცა „Football Italia“-ს ცნობით, იტალიური კლუბი შესაძლოა 50 მილიონ ევროზეც დათანხმდეს. ეს თანხა დაახლოებით 43 მილიონ ფუნტს შეადგენს.
🚨 Aston Villa have held initial exploratory contact over a move with AC Milan for Rafael Leao.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) August 25, 2026
Leao is open to the Premier League, but Aston Villa have yet to make an official approach.
Galatasaray remain active, while Milan are demanding around €50M-€60M including bonuses.… pic.twitter.com/cXL8KQmoJS
27 წლის ფეხბურთელი „მილანის“ შემადგენლობაში უკვე შვიდი სეზონია თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან იტალიური კლუბის მაისურით 291 მატჩი ჩაატარა, 80 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ასტონ ვილამ“ ზაფხულში მორგან როჯერსი 117 მილიონ ფუნტად „ჩელსიში“ გაყიდა და მის წასვლას გუნდის შეტევაში მნიშვნელოვანი სიცარიელე მოჰყვა. ლეაუს დამატება კი ემერის გუნდს შეტევის მარცხენა ფლანგზე უმაღლესი კლასის ალტერნატივას მისცემდა. ამას ემატება ოლი უოტკინსის გარშემო არსებული გაურკვევლობაც. ინგლისელმა თავდამსხმელმა კლუბის მიერ შეთავაზებულ ოთხწლიან კონტრაქტზე უარი თქვა, რის გამოც მისი მომავალიც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. შესაბამისად, „ვილას“ შეტევის გაძლიერების საჭიროება მხოლოდ ერთი პოზიციით არ შემოიფარგლება.
ამავდროულად, „ასტონ ვილა“ „მილანთან“ კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს. ინგლისური კლუბი ფიკაიო ტომორის შეძენითაც არის დაინტერესებული და მისი დამატება დაახლოებით 12.5 მილიონ ფუნტად განიხილება. ინგლისელი მცველი ეზრი კონსას შესაძლო შემცვლელად მოიაზრება.