Belive

არსენალი - ერთადერთი გუნდი, რომელიც დედოფალთან ჩაიზე მიიწვიეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის "არსენალი" ერთადერთი გუნდია, რომელიც დედოფალთან, ბუკინგემის სასახლეში, ჩაიზე მიიწვიეს. შემთხვევა 2007 წლის თებერვალში მოხდა.

2006 წლის ზაფხულში, "არსენალი" ლეგენდარულ "ჰაიბერის" გამოეთხოვა და "ემირეითს სთედიუმზე" გადაინაცვლა. ლონდონურ კლუბს სტადიონის პომპეზურად გასხნა ჰქონდა დაგეგმილი - ცერემონიალს დედოფალი ელისაბედი უნდა დასწრებოდა და მეტიც, წითელი ლენტი თავად ელისაბედ II-ეს უნდა გაეჭრა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესებიდან გამომდინარე, მისი ადგილი პრინცმა ფილიპმა დაიკავა.

ღონისძიების გამოტოვების გამო, დედოფალმა მწუხარება გამოთქვა და ლონდონური კლუბი ბუკინგემის სასახლეში მიიწვია.

BBC-ის დოკუმენტურ ფილმში სწორედ ეს კადრებია ასახული. არსენ ვენგერმა და მოთამაშეებმა სასახლე დაათვალიერეს. ესპანელი მეკარის, ალმუნიას თქმით, მას ჩაი არ უყვარს, "მაგრამ აქ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო."

გუნდის კაპიტანმა, ტიერი ანრიმ, დედოფალს ფეხბურთელები წარუდგინა. ელისაბედ II-მ აღნიშნა, რომ "არსენალი" ინტერნაციონალური გუნდი იყო.

"სიტყვები არ მყოფნის იმ გამოცდილების აღსაწერად, რომელიც დედოფალთან ვიზიტის შედეგად მივიღეთ", - თქვა ტიერი ანრიმ.

გუშინ, 8 სექტემბერს, 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, 96 წლის ასაკში, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა. „დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა“, - ასე აცნობა მსოფლიოს ახალი ამბავი ბუკინგემის სასახლემ.

დედოფლის გარდაცვალებას პოსტით ლონდონური კლუბიც გამოეხმაურა: "მისი უდიდებულესობის, დედოფლის გარდაცვალებით, ყველანი მძიმედ დამწუხრებულები ვართ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად, ვიგლოვებთ და მის უდიდებულესობის საოცარ ცხოვრებას გავიხსენებთ", - ვკითხულობთ პოსტში.

სხვა სტატიები