Belive

არდა გიულერი: "კარგია მოგება, მაგრამ ამ თამაშს ვივიწყებთ - წინ ელ კლასიკოა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, მადრიდის რეალმა იუვენტუსს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ვინისიუსმა გაუკეთა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, მადრიდის რეალის 20 წლის თურქი ფეხბურთელი - არდა გიულერი დასახელდა.

მატჩის შემდეგ, არდა გიულერმა დღევანდელ გამარჯვებაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა აღნიშვნის დრო არ არის, რადგან წინ 'ელ კლასიკოა'.

"მატჩის საუკეთესო მოთამაშე? პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს ყველა თანაგუნდელს და მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც გუნდს მხარი დაუჭირეს. ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა ახლა აღნიშვნას არ ვაპირებთ, რადგან ხვალიდან 'ელ კლასიკოსთვის' მზადებას ვიწყებთ.

ვეცდებით, ბარსელონას წინააღმდეგ მინიმუმ იგივე დონის თამაში ვითამაშოთ, რაც დღეს და გავიმარჯვოთ." - არდა გიულერი

მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში, 3 თამაშში 9 ქულა დაუგროვდა. 'სამეფო კლუბი' ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურს ქულების მაქსიმალური რაოდენობით ხვდება, სადაც ლივერპულს დაუპირისპირდება.

იქამდე კი კლუბს 'ელ კლასიკო' აქვს სათამაშო, რომელიც 26 ოქტომბერს, 19:15 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები