არბელოა: "ამ მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ - ხეტაფემ თავი კარგად დაიცვა"
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 26-ე ტურში, მადრიდის რეალმა შინ ხეტაფე მიიღო და სენსაცია დაფიქსირდა - სამეფო კლუბი 0:1 დამარცხდა და ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი დათმო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონასთან სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხეტაფემ ბერნაბეუზე 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და კლუბის პრობლემებზეც ისაუბრა.
"დავიწყოთ იმით, რომ ამ წაგებაში მე ვარ დამნაშავე. ხეტაფე ძალიან კარგად იცავდა თავს. უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით. ვფიქრობ, რომ ხეტაფეზე უფრო ნათელი შანსები გვქონდა/ უკეთესი თამაშის ჩვენება შეგვიძლია.
შანსების შესაქმნელად, ხშირად ზედმეტად ვცდილობთ მარტივ არჩევანს, რაც ვინისთვის ბურთის მიცემას და მისგან საფრთხის შექმნის მოლოდინს გულისხმობს... საფრთხის შექმნის სხვა გზები უნდა ვიპოვოთ.
ფანტასტიკური შემადგენლობა გვყავს - ჩვენი ფეხბურთელები წარმოუდგენლები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეგვიძლია.
რამდენიმე შანსი გვქონდა, რომელთა გატანასაც ვიმსახურებდით; ცხადია, რომ ხეტაფემ ფანტასტიკური თამაში აჩვენა.
თამაშის განმავლობაში ბევრი შესვენება იყო. მსაჯმა ეს დაუშვა. მაგრამ ეს კრიტიკა არ არის; ხეტაფე კარგი იყო და მათ მოგება დაიმსახურეს.
ჰუისენი მოედანზე იმიტომ შევიდა, რომ ალაბამ შესვენებაზე შეცვლა მთხოვა, მას გადაღლილობა ჰქონდა. ისიც მესმის, თუ რატომ გვისტვენენ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები, ისინი უკეთესი თამაშის ყურებას იმსახურებენ.
ეს მატჩი განსხვავდებოდა ოსასუნასთან წინა თამაშში მარცხისგან. ჩვენ გაგვიჭირდა ძლიერი თავდაცვითი აზროვნების მქონე გუნდის წინააღმდეგ თამაში..." - ალვარო არბელოა
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ 'სამეფო კლუბი' ლა ლიგას საკმაოდ კომფორტული უპირატესობით იგებდა, თუმცა ახლა ბარსელონასთან ჩამორჩენა 4 ქულიანია და წინ 'ელ კლასიკოა' სათამაშო, რომელიც კამპ ნოუზე ჩატარდება.
მადრიდის რეალი შემდეგ მატჩს სელტასთან სტუმრად გამართავს.