"არ შეიძლება ასეთი ძველი კლუბის უბრალოდ წაშლა" - გურამ კაშია
არნემის ვიტესს ფინანსური პრობლემების გამო ნიდერლანდების სალიცენზიო კომიტეტმა პროფესიული საფეხბურთო ლიცენზია ჩამოართვა. არნემულ კლუბს ამ სიტუაციაში პროფესიონალური ფეხბურთის თამაშის უფლება აღარ აქვს და ისინი სამოყვარულო დონეზე ითამაშებენ.
მათ აქვთ გასაჩივრების უფლება, მაგრამ მცირეა იმის ალბათობა, რომ ეს შედეგს გამოიღებს. Voetbal International-მა გურამ კაშიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სწორედ აღნიშნულ თემას შეეხო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი:
ჯერ კიდევ არის მცირე შანსი. ჩემთვის ყველაფერი ბოლომდე არ დასრულებულა. ისინი ყველაფერს აკეთებენ კლუბის გადასარჩენად, ვიცი, ვინც ამას აკეთებს და იმედი მაქვს, რომ გამოასწორებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. ის ადამიანები, ვინც ახლა ამის გაკეთებას აპირებენ არნემის მაცხოვრებლები არიან, კარგი გეგმით. ვიცი გეგმა. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ადამიანური მხარე ამ ეტაპზე წესებზე მაღლა უნდა დააყენონ. არავის სურს ვიტესის გაქრობა, რატომ უნდა გააკეთო ეს? არ შეიძლება ასეთი ძველი კლუბის უბრალოდ წაშლა.
ვნერვიულობდი და ახლაც გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ იმ ადამიანებზე, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს, გაბრაზებული ვარ KNVB-ზე (ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია) წესების ასე მკაცრად აღსრულებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ნიდერლანდურია. არ შეეძლოთ თვალის დახუჭვა? როგორც ჩანს საქმის გამოსწორება შეუძლებელია. საერთოდ რას ეუბნებით ვიტესის ბავშვებს? ნაიმეგენში უნდა ითამაშონ თუ აიაქსში? მოსამართლემ ესეც უნდა გაითვალისწინოს.
ეს კლუბი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ჩემი პროფესიული მატჩების უმეტესობა ვიტესში ჩავატარე და დღემდე მის მიმართ ძლიერი გრძნობები მაქვს. სისულელე იქნებოდა თუ კლუბი განადგურდებოდა იმ ადამიანების სულელური შეცდომებით, რომლებიც თავიანთ საქმეს სათანადოდ არ ასრულებდნენ. ფეხბურთის ასოციაცია ვიტესს უნდა დაეხმაროს, ვფიქრობ, ყველას სურს კლუბის გადარჩენა, თუნდაც ნაიმეგენში. მესმის, რომ ისინი წესებით არიან შებოჭილი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთონ. მე და ჩემი შვილი ყოველ შაბათ-კვირას ვიტესზე ვსაუბრობთ და მალე ეს კავშირი შეიძლება დავკარგოთ. - გურამ კაშია
Guram Kashia (38) droeg tussen 2010 en 2018 liefst 293 keer het geel-zwart van Vitesse en werd zodoende één van de populairste spelers uit de rijke clubhistorie. Het emotioneert de Georgische verdediger dan ook dat club dreigt te verdwijnen.https://t.co/eyySArrVl1
— Voetbal International (@VI_nl) August 2, 2025
გურამ კაშია არნემის ვიტესში 2010 წელს გადავიდა და 2018 წლამდე ასპარეზობდა, მან ნიდერლანდური გუნდის მაისური 293-ჯერ მოირგო, რა დროშიც 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გურამი ვიტესს დიდი ხნის განმავლობაში კაპიტნობდა, სწორედ მისი კაპიტნობის პერიოდში, 2016/17 წლების სეზონში მოიგო არნემულმა კლუბმა თავისთვის ერთადერთი ტიტული - ნიდერლანდების თასი.