Belive

,,არ გვინდა, ვიყოთ იმ ტურნირის ყურადღების ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა'' - ჰუმელი მსოფლიო ჩემპიონატის წინ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დანიურმა ბრენდმა, ჰუმელმა, რომელიც დანიის ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორია, სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს პროტესტს უცხადებს:

,,დანიის ნაკრების ახალი მაისურებით ორმაგი მესიჯის გაგზავნა გვინდოდა. ახალი ფორმა არამხოლოდ ევრო92-ზე ტრიუმფითაა შთაგონებული და პატივს სცემს დანიის უდიდეს საფეხბურთო წარმატებას, არამედ პროტესტს უცხადებს ყატარს და მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას.

სწორედ ამიტომ, მაისურზე ყველა დეტალი, მათ შორის ჩვენი ლოგო, მკრთალად იქნება გამოსახული. არ გვსურს, ვიყოთ იმ ტურნირის ყურადღების ცენტრში, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დანიის ნაკრებს მხარს ბოლომდე ვუჭერთ, მაგრამ ეს ყატარის, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერას არ ნიშნავს. ვფიქრობთ, რომ სპორტმა ხალხი უნდა გააერთიანოს და როცა ეს ასე არ ხდება, გვინდა, განცხადება გავაკეთოთ,'' - წერია კომპანიის სოციალურ ქსელში.

გასულ წელს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობისას, 6 500-მდე მიგრანტი დაიღუპა.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, გერმანიის, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რითიც ყატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ.

პროტესტის მიზეზი რთული სამუშაო პირობებია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ასევე, დაბალი ანაზღაურება და მიგრანტი მუშების შელახული უფლებები, იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 95%-ს შეადგენენ.

ოფიციალური ყატარის პოზიცია ბრალდებაზე ასეთია – ,,სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღნიშნულ ჯგუფში, მათი დემოგრაფიისა და პოპულაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელ ფარგლებშია.” ყატარის მთავრობამ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომითი უფლებების შესახებ და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად არაერთი რეფორმა გაატარა.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის 5 ქალაქის 8 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს Lusail Iconic Stadium-ი უმასპინძლებს, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

View this post on Instagram

A post shared by hummel Sport (@hummelsport)

სხვა სტატიები