Belive

ანტალიაში მყოფ რუს და უკრაინელ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებულმა უკრაინელმა და რუსმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუს ფეხბურთელებს მოტეხილობა აღენიშნებათ.

ანტალიაში, სადაც უკრაინული "მინაისა" და რუსული "შინიკის" ფეხბურთელები წინასასეზონო სამზადისს გადიან, მასობრივი დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინტერნეტ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. რუსული წყაროების თანახმად, "მინაის" წარმომადგენლებმა "შინიკის" მთავარ მწვრთნელს უკრაინის ჰიმნის სიმღერა მოსთხოვეს. მის უარს კონფლიქტი, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

მოვლენების განვითარების ამ სცენარს "მინაის" პრესსამსახური უარყოფს:

"ყველაფერი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი ფეხბურთელის სამარცხვინო მოქმედებას მოჰყვა, რომელიც სასტუმროს თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებდა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელი მას გამოექომაგა, რუსმა კი ბოდიში არ მოიხადა. შემდეგ რუსებმა ჩვენი პროვოცირება დაიწყეს. ყვიროდნენ: "დიდება რუსეთს", - აღნიშნა "მინაის" მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

როგორც ირკვევა, დაპირისპირებაში ორივე გუნდი ჩაერთო, სიტუაციის განმუხტვას კი ჯერ სასტუმროს სტაფი, შემდეგ კი პოლიცია ცდილობდა. ჩხუბის შედეგად "შინიკის" რამდენიმე ფეხბურთელს მოტეხილობა აღენიშნება.

ინციდენტის შემდეგ, რუსულმა კლუბმა სხვა სასტუმროში გადაინაცვლა. "შინიკის" დირექტორის განცხადებით, იგი არ იყო ინფორმირებული, რომ სასტუმროში გუნდს უკრაინელებთან ერთად მოუწევდა ყოფნა.

"სასტუმრო ნოემბერში დავჯავშნეთ. კონფლიქტის აცილების მიზნით, უკრაინელებთან ერთად ყოფნა არ გვინდოდა. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აღმოვჩნდით ერთად, შეგიძლიათ სასტუმროს მენეჯმენტს მოჰკითხოთ", - თქვა სერგეი კულაკოვმა.

როგორც ირკვევა, ანალოგიური მოთხოვნა უკრაინულ მხარესაც ჰქონდა, თუმცა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, გეგმა ორი მხარის ინფორმირების გარეშე შეიცვალა.

კადრები, რომელიც დაპირისპირების შემდეგ გაგრძელდა