Belive

ანრის მორიგი გამოწვევა - ტიტი MLS-ში წავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტიერი ანრი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი MLS-ის გუნდს, "მონრეალ იმპაქტს" ჩაიბარებს. კანადურ გუნდთან ანრიმ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. MLS-ში გადასვლამდე, ანრი ფრანგულ "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. "მონაკომ" მისი ხელმძღვანელობით 20 მატჩი ჩაატარა, სადაც მხოლოდ 5 გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე, 11 მარცხი). წარუმატებელი შედეგების გამო, ანრიმ იანვარში მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ლეონარდო ჟარდიმმა ჩაანაცვლა. მას შემდეგ, ანრი უგუნდოდ იმყოფებოდა.
"ჩემთვის დიდი პატივია MLS-ში დაბრუნება და "მონრეალ იმპაქტის" გაწვრთნა. ამ ჩემპიონატს ძალიან კარგად ვიცნობ და კარგი მოგონებებიც მაკავშირებს. მონრეალი მულტიკულტურული ქალაქია, რომელიც ძალიან მომწონს. რაც შეეხება გუნდს, მის შედეგეს თვალს მუდმივად ვადევნებდი, ახლა კი აქ ვარ და მზად ვარ გუნდს გამარჯვებებისკენ გავუძღვე," განაცხადა ანრიმ.
თავის მხრივ, ანრის მონრეალში ჩასვლასთან დაკავშირებით, სიხარული გამოთქვა "მონრეალ იმპაქტის" გენერალურმა დირექტორმა: "ანრი ჩვენს გუნდს ახალ ენერგიას შემატებს. ის ჩვენს ხედვას აბსოლუტურად იზიარებს და გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ის არის ლიდერი, რომელმაც კარიერაში უკვე ბევრი რამ დაამტკიცა," განაცხადა კევინ გილმორმა. სამწვრთნელო კარიერაში ტიერი ანრიმ პირველი ნაბიჯები 2016 წელს გადადგა, როდესაც იგი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტად დაინიშნა. ფრანგმა მარტინესთან ერთად 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.  

სხვა სტატიები