ანჩელოტის ბრაზილიაში პრობლემები კვლავ აქტუალურია | მუნდიალამდე 2 თვე რჩება
ნეიმარის სახელის სკანდირება სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუგო ეკიტიკემ საფრანგეთი ბრაზილიასთან 2:0 დააწინაურა. ალბათ, ეს იყო ბოლო რამ, რისი მოსმენაც კარლო ანჩელოტის სურდა. თუმცა, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელიც იყო. "სელესაოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის განაცხადს მიღმა დატოვებამ ბრაზილიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აზრი ორადაა გაყოფილი: ქომაგის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნეიმარს აქვს დიდი დამსახურება, ასევე პოტენციალი, რომ ნაკრების შემტევი ხაზი გააძლიეროს. მეორე კი, ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ნეიმარის ტრავმიანობას უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების აწმყოსთან და მომავალთან კავშირი აღარ აქვს.
ბრაზილიელი ქომაგი ექსპრესიული და მომთხოვნია. შესაბამისად, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ არენაზე ნეიმარის სახელი ისმოდა მაშინ, როდესაც ვინისიუს და მისი თანაგუნდელები 10 კაცის ამარა დარჩენილი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერს აწყობდნენ. თუმცა, იმაზე ფიქრი, რომ ნეიმარი ამ დღეს რამეს შეცვლიდა, აზრს მოკლებულია.
ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი უკვე 34 წლის არის. კრიშტიანუ რონალდუსა და ლუკა მოდრიჩის ფონზე, ასაკზე ხაზგასმა არასწორი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: 2023/24 წლების სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, ნეიმარი საფეხბურთო მოედანს 676 დღის განმავლობაში გამოაკლდა. ბოლოს, იგი მუხლის ტრავმას მკურნალობდა, რის გამოც მოედანზე 2 თვის განმავლობაში (თებერვლის შუა რიცხვებამდე) არ გვინახავს
ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ნეიმარს ვერ დაეყრდნობი და შეუძლებელია წინასწარ გათვალო, რომ მნიშვნელოვან მომენტში იგი მწყობრში იქნება. ბრაზილიის ნაკრების ქომაგის მხრიდან კი მისი 2026 წლის მუნდიალზე დაბრუნების მზარდი მოთხოვნა იდეალურად ასახავს იმას, თუ რაოდენ დიდ პრობლემებშია ბრაზილიის ნაკრები. მითუმეტეს, არ დაგვავიწყდეს, რომ მუნდიალის დაწყებამდე ორი თვეა დარჩენილი.
ანჩელოტი და მისი წინამორბედები
2025 წლის 12 მაისს, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გამოაცხადა, რომ ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, კარლო ანჩელოტი "სელესაოს" ჩაბარებაზე დათანხმდა. კონფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდუ როდრიგესმა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის დანიშვნას "სტრატეგიულზე უკეთესი ნაბიჯი" უწოდა.
"ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის - ჩვენ მტკიცედ გადაწყვეტეთ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს დავუბრუნდეთ. ანჩელოტი ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია, რომელიც პლანეტის უდიდეს გუნდს უდგას სათავეში. ჩვენ ერთად დავწერთ დიდებულ ფურცლებს ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა მაშინ როდრიგესმა.
ბრაზილიის ფეხბურთის მმართველ ორგანოში, ანჩელოტისთვის "სელესაოს" ჩაბარება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სურდათ. შეგახსენებთ, ტურნირის პირველ ეტაპზე შესანიშნავად მოთამაშე ბრაზილიამ, მეოთხედფინალში ხორვატიასთან ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა. ტიტემ ნაკრები დატოვა, ანჩელოტი კი თავის აწმყოს რეალს უკავშირებდა. შედეგად, როდრიგესი რთული ამოცანის წინაშე იდგა: ის "სელესაოს" სტაბილურობის შენარჩუნებასა და იტალიელისთვის კარის ღია დატოვებას პარალელურ რეჟიმში ცდილობდა.
2023 წლის თებერვალში არაკომპეტენტური რამონ მენეზესის დროებით მწვრთნელად დანიშვნა ერთია, ფერნანდო დინისისთვის იგივე როლის ჩაბარება კი - სულ სხვა. დინისი "ფლუმინენსეში" საოცარ სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო. გასაკვირი არ არის, რომ დინისმა ბრაზილიის მრავალი პრობლემა სწრაფად ვერ გადაჭრა - შედეგად, ერთწლიანი კონტრაქტის ნახევარი ვადის გასვლის შემდეგ, პოსტიდან გაათავისუფლეს.
დინისის მემკვიდრე, დორივალ ჟუნიორი, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ის გაცილებით უფრო სანდო ჩანდა, თუმცა დაკისრებულ მისიას თავი მაინც ვერ გაართვა - "ფლამენგოს" ყოფილი მწვრთნელი დანიშვნიდან სულ რაღაც 18 თვეში გაათავისუფლეს. მისი ბედი დაუძინებელ მტერთან, არგენტინასთან განადგურებამ (4:1) გადაწყვიტა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაფერი მანამდეც ნათელი იყო - მისი ხელმძღვანელობით, ბრაზილიამ "კოპა ამერიკაზე", მეოთხედფინალში, ურუგვაისთან სავალალო მარცხი იწვნია.
დორივალის გათავისუფლების პერიოდში, ბრაზილიის ნაკრებში სრული ქაოსი სუფევდა. როდრიგესი და კონფედერაცია სამარცხვინო საარჩევნო სკანდალში გაეხვივნენ, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტებს ეხებოდა. ამავდროულად, წარსულის ლეგენდარული მოთამაშეები ამჟამინდელ თაობას საჯაროდ აკრიტიკებდნენ. მეტსაც გეტყვით, რონალდინიო იქამდეც კი მივიდა, რომ განაცხადა: "სელესაოს" ქომაგობას ვწყვეტო.
"მეგობრებო, მე მეტი აღარ შემიძლია," - დაწერა ლეგენდარულმა 10-იანმა ინსტაგრამზე. "სულ უფრო რთული ხდება იმ ძალის პოვნა, რომ მათ თამაშებს უყურო. ეს, ალბათ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია - მათ არ ჰყავთ ავტორიტეტული ლიდერები, უმეტესობა კი საშუალო დონის მოთამაშეა."
ამ ფონზე, ანჩელოტის გამოჩენა ყველაზე პოზიტიური სიახლე უნდა ყოფილიყო. თუმცა, თუ იტალიელს ჯერ კიდევ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ისტორიაში უდიდესი მწვრთნელის ტიტულზე (მადრიდის "რეალსა" და "მილანში" მიღწეული წარმატებების გამო), ბრაზილიის ნაკრები ჯერჯერობით საერთოდ არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსის დაბრუნებას აპირებს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით