ამომავალი ვარსკვლავიდან უგუნდოდ ყოფნამდე - რა დაემართა სტარიჯს?
5 წლის წინ
ფეხბურთი
5 წთ
30 წლის ასაკში, სტარიჯი წესით კარიერის პიკზე უნდა იყოს, მასზე მსოფლიოში წამყვანი გუნდები ნადირობდნენ და გადადებული ევრო 2020-ზე, კეინთან ერთად მრისხანე დუეტი შეექმნა. უკანასკნელად, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სტარიჯმა 2017 წელს ითამაშა და მოედანზე სულ 18 წუთი გაატარა. მისი ადგილი კი, დროთა განმავლობაში, მარკუს რეშფორდმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჯეიმი ვარდიმ და ტამი აბრაჰამმა დაიკავეს.
სტარიჯის კარიერა - მოკლედ
ნიჭიერი თავდამსხმელის პოტენციალი "მანჩესტერ სიტის" სკაუტებს არ გამოეპარათ - 2003 წელს, 14 წლის სტარიჯი "სიტის" აკადემიის წევრი გახდა და 5 წლის შემდეგ, მოედანზე ძირითად გუნდთან ერთად ითამაშა. იმ პერიოდში, ახალგაზრდა შემტევს არცთუ იოლ კონკურენციაში უწევდა თამაში - მისი თანაგუნდელები როლანდო ბიანკი, დარიუს ვასელი და ბენჯანი მვარუვარი გახლდნენ. 1 წლის შემდეგ, სტარიჯი "ჩელსიმ" შეიძინა. მოედანზე 26-ჯერ გავიდა და მეტოქის კარი მხოლოდ ერთჯერ აიღო, რასაც "ბოლტონში" ნაყოფიერი განათხოვრება მოჰყვა. გუნდში დაბრუნებისას, სტარიჯს ანდრე-ვილაშ ბოაში დახვდა, რომელმაც ინგლისელს სრული ნდობა გამოუცხადა. სტარიჯმა გოლების გატანას მოუხშირა, მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი მარტის დასაწყისში გუნდიდან დაითხოვეს. ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, სტარიჯი "ლივერპულმა" შეიძინა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სტარიჯის სტილი ყველაზე მეტად "ლივერპულს" მოუხდა: ლუის სუარესთან ერთად, იგი თავისუფალი სტილის, შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობდა, რომელიც სტანდარტულ ჩარჩოებში არ იჯდა. 2013/14 წლების სეზონში, სუარესმა 31 გოლი გაიტანა, სტარიჯმა კი 21.