Belive

"ამ გუნდით ვამაყობ" - მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

  • "ლე ბლე" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.
  • დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება.
  • მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს.

მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტიც დაესწრო, რომელიც დიდიე დეშამის სამსახურით აღფრთოვანებულია და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მაკრონმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს მიმართა, რომ დეშამს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ.

"დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მწვრთნელს - დიდიე დეშამსა და ამ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად რამდენიმე თაობის ნაზავია და ეს შესანიშნავია. დეშამი იქ არის, სადაც უნდა იყოს თავისი ნიჭით. ჩვენ დავაბრუნებთ თასს და ცხადია, დეშამი უნდა დარჩეს! საფრანგეთის ნაკრებით ძალიან ვამაყობ", - ემანუელ მაკრონი.

დიდიე დეშამს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში ვარსკვლავური კარიერა აქვს. 2016 წელს, დეშამმა საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, სადაც პორტუგალიასთან დამარცხდა. 2018 წელს, დიდიე დეშამი და საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის ტრიუმფატორები გახდნენ, ხოლო 2020/21 წლებში საფრანგეთი UEFA-ს ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი არგენტინის დამარცხებას შეძლებს და მსოფლიო ჩემპიონატს ტრიუმფით დაასრულებს, დიდიე დეშამი გახდება პირველი მენეჯერი იტალიელი ვიტორიო პოცოს (1934, 1938) შემდეგ, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაეუფლება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

სხვა სტატიები