Belive

ალესანდრო დელ პიერო: "კვარაცხელია გასაოცარია, ასეთი ფეხბურთელი მეტოქესთან უპირატესობას გაძლევს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

""ნაპოლის" სამწვრთნელო სტაფმა და მთლიანად კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან კარგად იმუშავეს, რადგან დღეს ლუჩიანო სპალეტის აქვს ის რესურსი, რომელიც მას სურდა. მათი სატრანსფერო პერიოდი უბრალოდ ნაყოფიერ თევზაობას კი არ ჰგავდა, არამედ ეს იყო კლუბში იმ ახალი ფეხბურთელების მოყვანა, რომლებმაც გიჟური გავლენა მოახდინეს. 

"ტორინოს" წინააღმდეგ ანგისა ბრწყინვალე იყო, შემდეგ კი უნდა გამოვყო კვარაცხელია, რომელიც ყოველთვის ფეთქებადია.

ქართველს აქვს ძალა, ტექნიკა, გამბედაობა და ყველაფერი იმისთვის, რომ მართლაც გასაოცარი მომენტები შექმნას. "ნაპოლის" იმედი უნდა გვქონდეს, რადგან კვარაცხელიას თამაშის ყურება სასიამოვნოა. იგი არღვევს დაცვას და შემდეგ მთელ გუნდს მისი სახით დამატებითი იარაღი ჰყავს. როცა ასეთი ტიპის ფეხბურთელი გყავს, მეტოქესთან შედარებით უპირატესობა გაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდები წლებია კარგად თამაშობენ, ამიტომ საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელების შემადგენლობაში ყოლა მათ შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს.

რამდენ ხანს გაგრძელდება "ნაპოლის" ასეთი თამაში? ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც დამაჯერებლად გამოდიან, განსაკუთრებით კარგად კი მათ "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშეს. სასიამოვნოა იმ ფეხბურთის ყურება, რომელსაც ისინი თამაშობენ. იციან ბურთის შენარჩუნება, ლიდერობა მოედანზე, დრიბლინგი, ფლანგების ცვლა და ფეხბურთელების ჩანაცვლების დროსაც კი ახერხებენ წარმატების მიღწევას", - თქვა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 19 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ ქართველ ფეხბურთელს 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, რა მაჩვენებლითაც ბომბარდირთა დავაში მხოლოდ “ბოლონიას” ლიდერს, მარკო არნაუტოვიჩს ჩამორჩება, რომლის აქტივშიც 6 გოლია. 

შემდეგ შეხვედრას “ნაპოლი” “აიაქსის” წინააღმდეგ 4 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გამართავს.

სხვა სტატიები