Belive

ქუთაისში ტორპედო და თელავი დაზავდნენ - დებიუტანტმა პირველი წრე ერთადერთი წაგებით დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტური ქუთაისში გაიხსნა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, "ტორპედომ" "თელავს" უმასპინძლა და ფრე 1:1 ეთამაშა. მატჩამდე, მასპინძლებს 8 ქულა ჰქონდათ, გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებდნენ და მეშვიდე ადგილს იკავებდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს მათი მონაგარი 11 ქულა და მეხუთე ადგილი იყო. წინა ტურში, იმერლებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და თბილისში, "ლოკომოტივს" აჯობეს (2:1), ხოლო კახელებმა შინ, ბოლოადგილოსან "მერანთან" უგოლო ფრე გააგორეს. მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ქუთაისელები ბურთს აკონტროლებდნენ, პირველ ნომრად თამაშობდნენ და ფონს გასვლას კომბინაციური, დომინანტური ფეხბურთით ცდილობდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათი მცდელობები უმეტესად კონტრიერიშებს მოსდევდა. საბოლოოდ, "ტორპედოს" აქტიურობამ შედეგი პირველი ნახევრის მიწურულს გამოიღო.43-ე წუთზე, "თელავის" საჯარიმოში არეულობის შედეგად, ბურთი ივან ბობკოს მიუვიდა - უკრაინელმა ლეგიონერმა ერთი შეხებით ზუსტად ითამაშა და მეტოქის კარი დალაშქრა. მეორე ნახევარში, სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა. თელაველთა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ შეტევა გააძლიერა და გუნდის კაპიტნის, ანტონ თოლორდავას ნაცვლად, თამაშში ნიკოლოზ ბაშალეიშვილი ჩართო. ამის მერე, სტუმრებმა უფრო მოუმატეს, თავდასხმაში გააქტიურდნენ და მალე წონასწორობის აღდგენაც მოახერხეს. ეს 52-ე წუთზე მოხდა, როცა ცოტნე მოსიაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ირაკლი რუხაძეს მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან მეტოქის კარში გადაგზავნა აღარ გასჭირვებია - 1:1. მას მერე, რაც მეტოქის კარის აღება ორივე გუნდმა შეძლო, თამაში გაცილებით საინტერესო გახდა. შეტევაში ორივე გუნდი აქტიურობდა და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. ყველაზე რეალური შანსი ირაკლი რუხაძეს 72-ე წუთზე მიეცა, როცა მისი თავურ დარტყმულს ხარიხა დაუპირისპირდა. მატჩის დასკვნით ათწუთეულში უპირატესობას მთლიანად თელაველები დაეუფლნენ და შეიძლება ითქვას, მეტოქის კარზე შტურმიც მოაწყვეს. 86-ე წუთზე, მასპინძლებმა საკუთარი საჯარიმოს ხაზზე წესების დარღვევით ითამაშეს, სტანდარტული ცოტნე მოსიაშვილმა შეასრულა, თუმცა გატანაში ხელი მასაც ხარიხამ შეუშალა ხელი. ეს დარჩენილ დროში ყველაზე სახიფათო ეპიზოდი აღმოჩნდა. ამრიგად, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1. ამ ფრის შემდეგ, "ტორპედო" - 9, ხოლო "თელავი" 12 ქულას დააგროვებს და ორივე მათგანი ჯერჯერობით, დაკავებულ პოზიციაზე დარჩება. მეორე წრის პირველ შეხვედრას "ტორპედო" გორში, გათამაშების ლიდერ "დილას" წინააღმდეგ, ხოლო "თელავი" საშინაო კედლებში, მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისთან" ჩაატარებს. "ტორპედო": შოვნაძე - გრიგალაშვილი, ქაფიანიძე (ადამაძე, 74), კასრაძე, ნადარაია -  ციცქიშვილი, ჯანელიძე (კ), მამასახლისი (მარკოვიჩი, 68), ბობკო - პონომარი (ივანიშვილი, 60), ფანცულაია. (4-4-2). მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე. "თელავი": სანიკიძე - ბერიაშვილი, თოლორდავა (კ) (ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, 46), დიმიტროვსკი - ჩაბრაძე, მოსიაშვილი, ძოწენიძე, ჩუკვურა - მოისწრაფიშვილი (სამუშია, 79), კვასოვი (კოხრეიძე, 58), რუხაძე. (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე. გოლი: 1:0 ივან ბობკო (43), 1:1 ირაკლი რუხაძე (52). გაფრთხილება: იაროსლავ კვასოვი (56), გურამ ადამაძე (90+3). მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

სხვა სტატიები