Belive

ლეგიონერების გოლები და ფრე გორში - დილამ შანსი ვერ გამოიყენა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც "დილამ" "სამტრედიას" თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე უმასპინძლა და ფრე - 1:1 ითამაშა. გუნდები დაპირისპირებას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს ერთი მოგებითა და ერთი ფრით 4 ქულა ჰქონდათ და ცხრილში მესამე პოზიციას იკავებდნენ, რაც შეეხებათ სტუმრებს, იმერული კლუბი მეორე ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან" აღებული 3 ქულის მეშვეობით მხოლოდ ამ უკანასკნელს და საჩხერის "ჩიხურას" აღემატებოდა და მერვე ადგილს იკავებდა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. გორელები ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქის საჯარიმოში რამდენჯერმე სახიფათოდაც ჩააწოდეს. მიუხედავად გორელების უპირატესობისა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-15 წუთზე, დავით ხურცილავამ საკუთარი საჯარიმოს მისადგომთან უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი დიეგო დისის ჩააბარა, რომელმაც ლუკა გუგეშაშვილს აჯობა. გაშვებული გოლის შემდეგ, "დილას" ფეხბურთელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და მალე ეს ტაბლოზეც აისახა. 27-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში პავიშიჩმა ხელით ითამაშა და მეტოქე გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მისცა - 11-მეტრიანი ზუსტად კოვტალიუკმა შეასრულა - 1:1. დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, მიუხედავად ორივე გუნდის სახიფათო ეპიზოდისა, გოლი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. გამარჯვების შემთხვევაში, "დილა" "ლოკომოტივთან" ერთად გათამაშების სათავეში მოექცეოდა, თუმცა ახლა მესამე ადგილი შეინარჩუნა. რაც შეეხება "სამტრედიას", მათ 4 ქულით ცოცხალ ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავიათ. "დილა": გუგეშაშვილი - ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, ეტოუ, გიორბელიძე - მარკოზაშვილი, გაგნიძე, ბიძინაშვილი - კოვტალიუკი, სპანდერაშვილი. მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე. "სამტრედია": სეფიაშვილი, ინკუმი, სამბუ, კილასონია, ახალაძე - მესიაჩენკო, პავიშიჩი - კვირკვია, დისი, იმნაძე - ყურბანოვი. მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

სხვა სტატიები